ერევნის პოლიციის ცნობით, პოლიციის შენობაში გამაგრებული შეიარაღებული პირები პოლიციის მანქანით სამართალდამცავთა კორდონისაკენ გაემართნენ. როგორც სომხური მედია იტყობინება, პოლიციელებმა მანქანას ცეცხლი გაუხსნეს.
მანქანამ მარცხნივ მოუხვია, რასაც სროლა მოჰყვა. ამის შემდეგ პოლიციელებმა მანქანის საბურავებს ესროლეს. შეიარაღებული დაჯგუფების წევრებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს, რასაც პოლიციამ არ უპასუხა - წერს NEWS.am
მანქანაში იმყოფებოდა სამი ადამიანი. სროლის შედეგად ოპოზიციური მოძრაობის ორი შეიარაღებული წევრი ფეხში დაიჭრა. პოლიციამ სასწრაფო დახმარებას გამოუძახა.
დაჭრილია აშოტ პეტროსიანი და ოვანეს არუთინიანი. დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
უფრო ადრე ოპოზიციური მოძრაობის ლიდერმა ალეკ ენიგომშიანმა განაცხადა, რომ ისინი ხელისუფლებას დროს დილის 9:00 საათამდე აძლევდნენ.
მითითებული დროისთვის ოპოზიციის მომხრეებს უნდა მიეტანათ საკვები პოლიციის შენობაში გამაგრებული აქტივისტებისათვის.
როგორც „ეხოკავკაზა“ იტყობინება, პოლიაციამ უარი განაცხადა შეიარაღებული მომხრეებისათვის საკვების მიწოდებაზე და ოპოზიციური პარლამენტის დეპუტატს არ მისცა უფლება აქტივისტებისათვის საკვები გადაეცა.
ამ დროისათვის დაახლოებით 20 ადამიანი იმყოფება პოლიციის შენობასთან შეიარაღებული მომხრებისათვის საკვების გადაცემის სურვილით, თუმცა პოლიცია მათ ამის ნებას არ აძლევს.
უკვე რამდენიმე დღეა პოლიციის შენობაში გამაგრებული აქტივისტები საკვებისა და ელექტროენერგიის გარეშე არიან დარჩენილები.