ადამიანის უფლებათა ცენტრი არასრულწლოვანი ორსული გოგოს გაუპატიურების საქმის ეფექტიან გამოძიებას მოითხოვს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სამართალდამცველი ორგანოები გულგრილად და არასათანადოდ რეაგირებენ დანაშაულზე.
„ადამიანის უფლებათა ცენტრს დახმარების თხოვნით მომართა მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 16 წლის გოგოს მშობლებმა. მათი ინფორმაციით, 8 ივლისს, არასრულწლოვანი ორსული გოგონა წინასწარი შეცნობით ძალადობით გააუპატიურა მეუღლის ნათესავმა, 47 წლის მამაკაცმა.
დაზარალებულის ოჯახის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება. დაიკითხა პირი, რომელმაც დანაშაული აღიარა. ოჯახის ინფორმაციით, საგამოძიებო უწყების მიერ დაინიშნა ექსპერტიზა, დაჩქარებული წესით დასკვნის მომზადების მოთხოვნით, მაგრამ ექპერტიზის დასკვნა დღემდე არ არის საგამოძიებო უწყებაში წარდგენილი.
მიუხედავად, იმისა, რომ შემთხვევიდან ორ კვირაზე მეტი გავიდა, დამნაშავე პირი ისევ დაუსჯელია და არსებობს საფრთხე, რომ იგი სასჯელის მოხდის თავიდან აცილების მიზნით მიიმალოს.
ადამიანის უფლებათა ცენტრმა რეაგირების მიზნით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავარ პროკურატურას და მოითხოვა, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, არასრულწლოვან ორსულ გოგონაზე სექსუალური ძალადობის ფაქტის ეფექტური და დროული გამოძიების წარმოების მიზნით. ორგანიზაციამ, ასევე, მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მოთხოვნით, უმოკლეს ვადაში მოამზადოს ექსპერტიზის დასკვნა", - ნათქვამია ორგნიზაციის განცხადებაში.