ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის გამართვის შესახებ საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, თავის დასკვნასთან ერთად, პრეზიდენტს გადაუგზავნა.
„თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის“ - ასეა ფორმულირებული სარეფერენდუმო შეკითხვა, რომელიც ცესკოში სანდრო ბრეგაძემ, სოსო მანჯავიძემ და ზვიად ტომარაძემ შეიტანეს.
როგორც „ლიბერალთან" საუბრისას ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა განმარტა, კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტს 30-დღიანი ვადა აქვს. ამ 30 დღის განმავლობაში მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რეფერენდუმის დანიშვნის ან რეფერენდუმზე მოტივირებული უარის თქმის შესახებ. პრეზიდენტის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მის ბრძანებულებას პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია სჭირდება.
„საინიციატივო ჯგუფის განცხადება ცესკოში 13 მაისს შემოვიდა. მოითხოვდნენ სარეფერენდუმოდ შემოტანილი საკითხის რეგისტრაციაში გატარებას. კანონმდებლობა ითვალისწინებს სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხის ფორმულირების დაზუსტებას. 12 ივნისს სხდომაზე საინიციატივო ჯგუფმა დააზუსტა აღნიშნული საკითხი - კითხვის ფორმულირება დარჩა უცვლელი. ამის შემდეგ საკითხი საინიციატივო ჯგუფთან ერთად რეგისტრაციაში გატარდა. შემდგომში, კანონმდებლობის გათვალისწინებით, საინიციატივო ჯგუფმა წარმოადგინა 224 ათასი ხელმოწერა. აქედან გაბათილდა - 23 652 და დარჩა 200 348 ხელმოწერა. ამის შედგომ ცესკომ მიიღო დასკვნა, რომელიც გაეგზავნა პრეზიდენტს”, - აცხადებენ ცესკოში.
კონსტიტუციის მოქმედ რედაქციაში ნათქვამია, რომ ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.