საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება და მას კანონმდებლობისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციის მხრიდან განხორციელებული რეაგირების მარგინალიზების მცდელობას უწოდებს. საიას თქმით, სააკაშვილის განცხადება სადამკვირვებლო ორგანიზაციის მანდატის არაპირდაპირი შეზღუდვისა და მისი გაჩუმებისაკენ მიმართული მოქმედებაა.
1 აგვისტოს საიამ წინასაარჩევნო აგიტაციაში უცხო ქვეყნის მოქალაქის სავარაუდო მონაწილეობის ფაქტთან დაკავშირებით, განცხადებით მიმართა საარჩევნო ადმინისტრაციას. საქმე „ნაციონალური მოძრობის მიერ" აჭარაში პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის დროს სააკაშვილის ვიდეო მიმართვას ეხება, რაც საიას აზრით წინასაარჩევნო აგიტაციაში უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩართვას ნიშნავს.
„აღნიშნული წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის დარღვევას, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეს უკრძალავს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობას. უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი ვიდეომიმართვა მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს არ წარმოადგენდა კანონმდებლობის დარღვევის პირველ შემთხვევას მიხეილ სააკაშვილის მხრიდან.
ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, იგი გაკვირვებულია, რომ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომელსაც ნამდვილად დიდ პატივს ვცემ, აქვს იმდენი დრო და რესურსი, რომ საქართველოში არსებული სრულიად უკანონო ვითარების ფონზე ... აანალიზოს ჩემი გამოსვლები და მიმართვები...“
გვსურს, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, განურჩევლად იმისა, დაემთხვევა თუ არა ჩვენი მოქმედებები რომელიმე პოლიტიკური პარტიის თუ ფიგურის ინტერესებს.[1]შევახსენებთ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ხოლო სადამკვირვებლო ორგანიზაციების და საარჩევნოადმინისტრაციის პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპით იმოქმედოს და სათანადო რეაგირება განახორციელოსყველა კანონდარღვევის ფაქტზე, განურჩევლად იმისა თუ ვის მიერ არის ეს დარღვევა ჩადენილი.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კანონის დაცვისა და პატივისცემის უპირველესი პასუხისმგებლობა აკისრია ხელისუფლებას, რაც საიას მონიტორინგის ერთ-ერთ უმთავრეს ამოსავალ პრინციპს წარმოადგენს, ეს არავითარ შემთხვევაში არ ათავისუფლებს სხვა სუბიექტებს, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსებს წინასაარჩვნო პერიოდში, თავისი წილი პასუხისმგებლობისაგან - დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა. სწორედ ეს წარმოადგენდა ახლახანს 50-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით გავრცელებული დოკუმენტის ერთ-ერთ მთავარ მესიჯს, რომ საარჩევნო პროცესებში ჩართულმა ყველა მხარემ გამოიჩინოს სათანადო პასუხისმგებლობა და ჯეროვნად შეასრულონ კანონით დაკისრებული უფლება-მოვალეობები. სამწუხაროა, რომ ამ პრინციპის მიღება და პატივისცემა ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ამასთან, ის გარემოება, რომ ქვეყანაში ხდება სხვა კანონდარღვევები თუ უფლებადარღვევები, იქნება ეს სასამართლო სისტემაში შექმნილი ვითარება თუ სხვა(რაზეც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მუდმივად აფიქსირებს საჯარო პოზიციას და იყენებს ყველა მშვიდობიან და სამართლებრივ გზას არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად), არ ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეებსა თუ პოლიტიკოსებს აქვთ უფლება, ასევე დაარღვიონ კანონმდებლობა იმ არგუმენტით, რომ მათ მიერ ჩადენილი გადაცდომა შეიძლება ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს სხვა პირთა მიერ ჩადენილ დარღვევებთან შედარებით.
კანონის უზენაესობის მიმართ ამგვარი მიდგომის წახალისება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან საშიში გზავნილის შემცველია მისიმხარდამჭერებისა და ზოგადად - საზოგადოების მისამართით. შესაბამისად ყველას, განსაკუთრებით კი ყოფილ პრეზიდენტს, მეტი პასუხისმგებლობა მართებსსაჯარო განცხადებების გაკეთებისას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იმედს იტოვებს, რომ როგორც ხელისუფლება, ასევე სხვა პოლიტიკური სუბიექტები თუ მათი მხარდამჭერები პატივისცემით მოეკიდებიან საქართველოს კანონმდებლობას, დაიცავენ კანონით დადგენილ ნორმებსა და არ შეეცდებიან ორმაგი სტანდარტის დამკვიდრებას. ასევე გვაქვს მოლოდინი, რომ პოლიტიკოსები ჯანსაღ დამოკიდებულებას გამოიჩენენ სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობისა და მათი შეფასებების მიმართ, რითაც ხელს შეუწყობენ ქვეყანაში კანონის უზენაესობის პატივისცემისა და რეალური მრავალპარტიული და მრავალსუბიექტიანი დემოკრატიის განვითარებას.
საია აგრძელებს წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგს და როგორც შესაბამის უწყებებს, ასევე საზოგადოებას, მიაწვდის ინფორმაციას საარჩვენო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის სრული დაცვით. ჩვენ ასევე ღია ვრჩებით სახელმწფიფო უწყებებთან და პოლიტიკურ სუბიექტებთან თანამშრომლობისათვის კანონიერი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით" - ნათქვამია საიას განცხადებაში.