პირველი ჯგუფის ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში ფარმაცევტს პროფესიული საქმიანობა 3, ხოლო მეორე ჯგუფის შემთხვევაში 1 წლით შეეზღუდება.
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, აფთიაქების მონიტორინგისთვის თბილისში, ზღვისპირა ქალაქებსა და ქუთაისში 2 მობილური ჯგუფი იმუშავებს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბოლო თვეების განმავლობაში გამოიკვეთა არაკეთილსინდისიერი აფთიაქები, სადაც რეცეპტულ მედიკამენტებს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ყიდდნენ.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ამ ფაქტებზე შესაბამის ღონისძიებებს მიმართავდა, მაგრამ არსებული რეგულაციის პირობებში, ის ეფექტიანი ვერ აღმოჩნდა.
„ჩვენ შეგვეძლო მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გამოგვეწერა, რომლის საფუძველზეც სასამართლოს აფთიაქებს აჯარიმებდა (პირველ ჯერზე 6 000 ლარი, ხოლო განმეორებითი შემთხვევის დროს 12 000 ლარი), რადგან სხვა ინსტრუმენტი არ არსებობდა. აფთიაქების ნაწილი იხდიდა ამ ჯარიმას, უღირდა ამ ჯარიმის გადახდა, ნაწილი კი საერთოდ აუქმებდა შპს-ს და ახლად დაფუძნებული შპს-თი აგრძელებდა იმავე საქმიანობას“,- აღნიშნა სერგეენკომ.
მინისტრის განმარტებით, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ე.წ. ფსიქოტროპულ მედიკამენტებს გასცემს მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული სპეციალისტი, მეორე მხრივ სანებართვო პირობებში წერია, რომ მეწარმეს იმ შემთხვევაში შეუძლია გახსნას ასეთი ტიპის აფთიაქი, თუ მას ჰყავს პასუხისმგებელი ფარმაცევტი, თუმცა არ იყო განმარტებული, რაში გამოიხატებოდა ამ ფარმაცევტის პასუხისმგებლობა.
„იყო შემთხვევები, როდესაც არაკეთილსინდისიერ აფთიაქებში ფორმალურად აფორმებდნენ ფარმაცევტს, ის შეიძლება პარალელურად სხვაგან ყოფილიყო დასაქმებული და შესაბამისად ამ მედიკამენტებს გასცემდნენ არასპეციალისტები“, - ამბობს სერგეენკო.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ, ამ პრაქტიკის შესაცვლელად მთავრობის შესაბამის დადგენილებაში ცვლილებების პროექტი მოამზადა:
დადგენილებაში გაწერილი იქნება ფარმაცევტების პასუხისმგებლობები - თუკი ისინი არაჯეროვნად შეასრულებენ პროფესიულ საქმიანობას 1 ან 3 წლის განმავლობაში ვერ იმუშავებენ აფთიაქში. მინისტრის თქმით, მათ მუშაობა შეეძლებათ მხოლოდ იქ, სადაც მხოლოდ რეცეპტის გარეშე იყიდება მედიკამენტები, „ანუ ის ვერ გასცემს ვერც პირველი და ვერც მეორე ჯგუფის მედიკამენტებს".
მეორე ცვლილებით კი, მეწარმე ვერ მიიღებს საქმიანობის ნებართვას იმ შემთხვევაში, თუ მას ჰქონდა სამართალდარღვევა, ან თუ იყო ნასამართლევი ან თუ აქვს დავალიანება ბიუჯეტის წინაშე.
ამასთან, სამინისტროში აცხადებენ, რომ მოქალაქეებს ფსიქოტროპული მედიკამენტის ურეცეპტოდ გაყიდვის აღმოჩენის ფაქტზე, შეუძლიათ, დარეკონ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1505.
„ეს რეჟიმი გაგრძელდება საჭიროების შესაბამისად, ჩვენ გავწერეთ პირველი ორი კვირის გეგმა, მაგრამ გაგრძელდება იქამდე, სადამდეც ამის აუცილებლობა იქნება“, - აცხადებს სერგეენკო.
მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიებების შემდეგ სამინისტრო შეაფასებს შედეგებს და არაეფექტიანობის შემთხვევაში საკანონმდებლო ცვლილებებს არ გამორიცხავს.
„საკანონმდებლო ნაბიჯები თეორიულად შეიძლება ასეთი იყოს - სანქციების გამკაცრება, ფინანსური სანქციები შესაძლოა გაიზარდოს, რასაც კანონში ცვლილება დასჭირდება. შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს ის, რომ ფსიქოტოპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემა თავისი მნიშნვნელობით გაუტოლდეს ნარკოტიკებით ვაჭრობას და შესაბამისი სანქციები გავრცელდეს ამაზე. უკიდურესი ნაბიჯი შეიძლება იყოს ის, რომ ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე სახელმწიფომ გამოაცხადოს მონოპოლია და მხოლოდ ის დაკავდეს ამ საქმიანობით“, - განაცხადა სერგეენკომ.
რაც შეეხება შეკითხვას, თუ რამდენად ეფექტიანი იქნება მხოლოდ 2 მობილური ჯგუფის მუშაობა ქვეყნის მასშტაბით არსებული აფთიაქების გასაკონტროლებლად, სერგეენკომ აღნიშნა, რომ საქართველოს მასშტაბით არის 560 ფსიქოთროპული აფთიაქი, მათთვის ცნობილია მათი მისამართები, ხოლო მაქსიმალური ყურადღება იქნება რისკის ზონებთან.
როგორც სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი დავით მაჭარაშვილი აღნიშნავს, ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან დაკავშირებით მსგავსი ტიპის სამართალდარღვევით გამოირჩევა სულ რამდენიმე ათეული აფთიაქი. მისი თქმით, ძირითადად ეს ხდება თბილისში და რამდენიმე რეგიონში.
რაც შეეხება ორ ჯგუფს, ერთი ჯგუფი მიმაგრებული იქნება თბილისში, მეორე კი - რეგიონებში. მისი თქმით, თვითონ ჯგუფში იქნება რამდენიმე ჯგუფი, რომ ერთდროულად რამდენიმე შეტყობინების შემთხვევაში, მასზე რეაგირება მობილურ ჯგუფებს არ გაუჭირდეთ.