
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, კრიზისების მართვის საბჭოს თავმჯდომარე მინდია ჯანელიძე ამბობს, რომ ყოფილი სამხედრო ტრისტან წითელაშვილი არც ერთ საიდუმლო ბაზაზე არ ყოფილა. მისი თქმით, ასევე არ შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვინმე დაუსჯელი დარჩა.
ჯანელიძის თქმით, მოხდა გადაცდომა, რაზეც პასუხისმგებელმა პირმა პასუხი აგო. „სარეჟიმო წესების დარღვევაზე აგეს პასუხი" - ამბობს ჯანელიძე „რუსთავი 2-თან" საუბარში და ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.
„ეს არის აბსურდული ბრალდება ეს უფრო პოლიტიკურ სპეკუალციას ჰგავს, ვიდრე საქმეზე ლაპარაკს. ამიტომ, ამ თემაზე სერიოზული კომენტარი ძნელია, თუმცა ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, რომ წითელაშვილი არ ყოფილა არც ერთ საიდუმლო ბაზაზე და მეორე ბრალდება, თითქოს ვინმე დაუსჯელი დარჩა, ეს ასე არ ყოფილა. ჩემი მინისტრობის პერიოდში ვინც რაიმე გადაცდომა ჩაიდინა, ყველამ შესაბამისად აგო პასუხი. დანაშაულზე არ იყო საუბარი, გადაცდომაზე იყო, რომელზეც პასუხი აგო იმ პირმა, რომელმაც ეს გადაცომა ჩაიდინა. სარეჟიმო წესების დარღვევაზე აგეს პასუხი.
პროკურატურას საქმე მაშინ გადაეცემა, როცა სს დანაშაულია ჩადენილი. ამ შემთხვევაში არ ყოფილა სს დანაშაული. იყო წესების დარღვევა, გადაცდომა, რაზეც გენინსპექციამ შესაბამისი რეაგირება გააკეთა" - თქვა ჯანელიძემ.
გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი გიგი კალანდაძე ამბობს, რომ მინდია ჯანელიძის თავდაცვის მინისტრობისას საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები რუსული სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა.
მისი თქმით, ყოფილი სამხედრო ტრისტან წითელაშვილი, რომელიც სამშობლოს ღალატისთვის გაასამართლეს და პატიმრობა მიუსაჯეს, შემდეგ კი ამნისტიით გათავისუფლდა, სამხედრო ობიექტზე გენინსპექციის თანამშრომელმა, გოდერძი ორმოცაძემ მიიყვანა.
კალანდაძის თქმით, იმდროინდელი თავდაცვის მინისტრის, მინდია ჯანელიძისთვის ამის შესახებ ცნობილი იყო, თუმცა ამაზე გამოძიება არ დაწყებულა, რის გამოც ჯანელიძეს რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში სდებს ბრალს.
თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ამ ამბის შესახებ სამართალდამცავმა ორგანოებმა უკვე დიდი ხანია, იციან.
„მოხდა კანონის დარღვევა - ამ ადამიანმა თავის უფლებამოსილებას გადაამეტა. ის მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში და არ ჰქონდა უფლება, სამსახურებრივი ან ნებისმიერი მანქანით სამხედრო ობიექტებზე მიეყვანა გარეშე პირი. ამიტომ გავათავისუფლე თანამდებობიდან, როგორც კი გავიგე ამის შესახებ. ამბობს, რომ მას მინისტრის დავალება ჰქონდა. ყველაფერი იცოდა პროკურატურამ, როცა სამინისტროში მივედი, იმიტომ რომ გაგზავნილი იყო მასალები გეინსპექციიდან. ეს იცოდნენ, როცა მივედი სამინისტროში“ - ამბობს ხიდაშელი.
რაც შეეხება მინდია ჯანელიძეს, IPN-თან საუბარში მან განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრად მუშაობის პერიოდში საიდუმლო ობიექტებზე გარეშე პირთა უკანონო შეღწევის ფაქტები არ დაფიქსირებულა, ხოლო სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან არც ერთი გადაცდომა რეაგირების გარეშე არ დარჩენილა.