ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, წუხელ ღამით ბორჯომი ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ დააზარალა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და კომერციული ობიექტები.
ღვარცოფმა რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეაფერხა. დაზიანებულია ასფალტის საფარი. ძლიერმა ქარმა ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგიის გარეშე დარჩა რამდენიმე ათასი აბონენტი.
„ამ დროისთვის საავტომობილო გზებზე მოძრაობა აღდგენილია, დაზიანებულ ქუჩებზე მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი და გაწმენდითი სამუშაოები. მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის აღდგენა ეტაპობრივად მოხდება. სამაშველო ოპერაციის შედეგად 40-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხე დაეცა ავტომანქანას, რომელშიც ერთი ქალბატონი იმყოფებოდა. დაზარალებული მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. მოსახლეობის დასახმარებლად გასულია შსს-ს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მაშველებმა ოპერატიული რეაგირება მოახდინეს 170-ზე მეტ შეტყობინებაზე, რომლებიც ყველა რთულ უბანზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. დამატებითი სამაშველო ჯგუფები მობილიზებულია ახალციხიდანაც. სამაშველო ოპერაციებში ჩართული არიან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო ეკიპაჟები არეგულირებენ. ამ დროისთვის მეტეოროლოგიური პირობები ქ. ბორჯომში სტაბილურია" - ნათქვამია მუნიციპალიტეტის განცხადებაში.