ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული 100-მდე მუშა მძიმე სამუშაო პირობებს აპროტესტებს. მუშები „საქართველოს რკინიგზის“ ქვეკონტრაქტორ კომპანიაში - „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროში“ 2015 წლის ნოემბრიდან მუშაობენ. გიორგი თაბუკაშვილი ერთ-ერთი დასაქმებულია. მისი თქმით, გვირაბის გაყვანისას გეგმიური აფეთქების დროს შიგნით დამტვერიანებაა, არ არსებობს მედპუნქტები, მოშლილია ტექნიკა და მუშების ფიზიკური დაზიანების დიდი რისკები არსებობს:
„კომპანიას ჩინელი ხელმძღვანელობა ჰყავს, ამიტომ უმძიმეს შრომის პირობებს მათთან კომუნიკაციის პრობლემებიც ემატება. ენობრივი ბარიერი დიდ პრობლემებს გვიქმნის. მე პირადად, ხელზე 700 ლარს ვიღებ, მაგრამ ეს არანაირი კონტრაქტით გაწერილი არაა. სამუშაოს დაწყებამდე ხელშეკრულებებზე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მოვაწერეთ ხელი, რომ სხვა დასაქმების წყარო აქ არ არსებობს. ოჯახების სარჩენად ზოგს 400 და 500 ლარზე უწევს აქ მუშაობა. ვმუშაობთ ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, დღესასწაულებზე, დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე“, - ამბობს თაბუკაშვილი.
მუშების პროტესტი ერთ-ერთი გეგმიური აფეთქების დროს მომხდარმა ინციდენტმა კიდევ უფრო გაამძაფრა. თაბუკაშვილის ინფორმაციით, 8 აგვისტოს გვირაბის აფეთქების დროს შიგნით დიდი რაოდენობის კვამლი და მტვერი დაგროვდა, რასაც ცვლის უფროსი შეესწრო. მან კი მუშებს ურჩია, რომ გვირაბი დროებით დაეტოვებინათ. 1 საათის შემდეგ კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი თაბუკაშვილსა და მინდია ოკრიბელაშვილს გამოუცხადა, რომ სამსახურიდან გათავისუფლებულები არიან. გიორგი თაბუკაშვილი ამბობს, რომ 8 აგვისტოს სხვა მუშებიც მათი სოლიდარობის ნიშნად სამუშაოზე აღარ დაბრუნდნენ.
სოფელ ზვარეში გუშინ „საქართველოს რკინიგზის“ პროფკავშირის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ილია ლეჟავას ინფორმაციით, მათ 9 აგვისტოს დაუკავშირდნენ მუშები და დახმარება სთხოვეს. პროფკავშირის წარმომადგენლები ჯანდაცვის სამინისტროს შრომის და დასაქმების დეპარტამენტს მიმართეს და მედიატორის გამოყოფა სთხოვეს.თავად დასაქმებულებმა სამინისტროს მედიატორის დანიშვნა ოფიციალურად 9 აგვისტოს განცხადებით სთხოვეს.
სამინისტროდან მედიატორად ლევან ჟორჟოლიანი დაინიშნა, რომელიც ზვარეში მუშებთან დღეს იმყოფებოდა. მისი ინფორმაციით, დასაქმებულებს კომპანიის ხელმძღვანელობასთან ენობრივი ბარიერის გამო სერიოზული პრობლემები აქვთ:
„ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ გავამარტივოთ ეს პროცედურა. დღეს შევიტანეთ კომპანიაში განცხადება, სადაც მუშების მოთხოვნებზეა საუბარი. მას როგორც კი თარგმნიან და ხელმძღვანელობას გააცნობენ, დაგვიკავშირდებიან. იმედია, ბევრი პრობლემები არ შეიქმნება და მედიაციის პროცესი კარგად წარიმართება“, - ამბობს ჟორჟოლიანი.
მუშებს 9 კონკრეტული მოთხოვნა აქვთ: მოწესრიგდეს ინდივიდუალური ხელშეკრულებები საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით; ანაზღაურდეს ზეგანაკვეთური საათები კვირაში 40 საათზე ზემოთ გაზრდილი ტარიფით; მუშებს მიეცეთ საშუალება, ისარგებლონ ანაზღაურებადი შვებულებით; მუშებს ჰქონდეთ სპეცტანსაცმელი; მოწესრიგდეს სველი წერტილები; მძიმე და მავნე სამუშაოზე დაწესდეს დამატებითი ფასიანი შვებულება; ანაზღაურდეს დღესასწაულებზე შრომის საათები; ანაზღაურდეს დამატებითი სამუშაო საათები; მუშებს საშუალება მიეცეთ, დადონ კოლექტიური ხელშეკრულებები პროფკავშირებთან.
მედიაციის პროცესის დაწყებიდან 21 დღის შემდეგ მუშებს კანონიერი გაფიცვის უფლება აქვთ. გიორგი თაბუკაშვილი ამბობს, რომ თუ კომპანია მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, მუშები ამ უფლებით ისარგებლებენ და სოფელ ზვარეში დასაქმებული ადამიანები გაიფიცებიან.