საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, „ცენტრისტები“-ს შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
განცხადებას "ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ.
"პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტები“ რეგისტრირებულია 2002 წლის 30 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის N 1080 ბრძანებით.
პარტიის ხელმძღვანელი ორგანოა - ყრილობა, ხოლო აღმასრულებელი ორგანოა - პოლიტიკური საბჭო. პარტიის წესდების მიხედვით, პარტიის თავმჯდომარეს და პოლიტიკურ საბჭოს ირჩევს ყრილობა 4 წლის უფლებამოსილების ვადით.
2002 წლის პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ოქმით დგინდება, რომ პარტიის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა თეიმურაზ ხაჩიშვილი, ხოლო პოლიტიკური საბჭო განისაზღვრა შემდეგი შემადგენლობით: თეიმურაზ ხაჩიშვილი, ვახტანგ გოგუაძე, ვალერი კვარაცხელია, ალექსანდრე ჭილაძე, ვახტანგ თალაკვაძე, ჯემალ ნინუა, ლონგი ჭელიძე, თემურ ჯიშკარიანი, გოგი ბიჭაშვილი, დავით ქევხიშვილი, ელდარ გოდერძიშვილი, გელა ესაკია, ვაჟა ბახტურიძე და გელა პაპუაშვილი.
პარტიის თავმჯდომარეს და პოლიტიკური საბჭოს ზემოხსენებულ შემადგენლობას, რომლებიც არჩეულნი იყვნენ 4 წლით, ვადა ამოეწურათ 2006 წელს.
2006 წლიდან 2016 წლამდე პარტიას მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არ წარმოუდგენია ინფორმაცია პარტიის ხელმძღვანელი პირების ცვლილებასთან დაკავშირებით.
2016 წლის 19 მაისს თეიმურაზ ხაჩიშვილის მიერ მოთხოვნილ იქნა პარტიის წესდების ასლისა და პარტიის ამონაწერის მიღება, რაც საჯარო რეესტრის მიერ დაკმაყოფილდა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემული პირი არ იყო უფლებამოსილი თავმჯდომარე, პარტიის ამონაწერში არ მოხდა პარტიის თავმჯდომარის სახელისა და გვარის მითითება.
2016 წლის 30 მაისს თეიმურაზ ხაჩიშვილის მიერ წარმოდგენილ იქნა 2016 წლის 29 მაისის პარტიის რიგგარეშე ყრილობის ოქმი და მოთხოვნილ იქნა ახალი მონაცემების რეგისტრაცია: რიგგარეშე ყრილობის ოქმის თანახმად, პარტიის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა თეიმურაზ ხაჩიშვილი და პოლიტიკური საბჭო შემდეგი შემადგენლობით: თეიმურაზ ხაჩიშვილი, ირაკლი ჩუბინიძე, დავით ხაჩიშვილი.
საჯარო რეესტრის მიერ განხილული იქნა წარმოდგენილი დოკუმენტაცია და 2016 წლის 2 ივნისს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. კერძოდ, ვინაიდან, პარტიის რიგგარეშე ყრილობის მოწვევის, ჩატარებისა და პირთა არჩევის პროცედურები არ შეესაბამებოდა რეგისტრირებული წესდებით დადგენილ რეგულაციებს, საჯარო რეესტრის მიერ შეჩერდა წარმოება და პარტიას ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა 10 დღიანი ვადა.
2016 წლის 30 ივნისს, თეიმურაზ ხაჩიშვილმა წარმოადგინა განცხადება-საჩივარი და განაცხადა, რომ საჯარო რეესტრი არ უნდა შესულიყო უკვე რეგისტრირებული პარტიის რიგგარეშე ყრილობის ოქმის განხილვაში, მას ცნობად უნდა მიეღო აღნიშნული ოქმი და გაეცა სარეგისტრაციო მოწმობა.
2016 წლის 4 ივლისს, საჯარო რეესტრის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ.
საქმის მასალების შესწავლისა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეგისტრაციის სამსახურის 2016 წლის 2 ივნისის წერილის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმების შედეგად, საჯარო რეესტრმა მიიჩნია, რომ თეიმურაზ ხაჩიშვილის ადმინისტრაციული საჩივარი იყო დაუსაბუთებელი და ის არ დაკმაყოფილდა.
შესაბამისად, 2016 წლის 1 აგვისტოს, საჯარო რეესტრის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არ არის წარმოდგენილი აღნიშნული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დღევანდელი მდგომარეობით, საჯარო რეესტრის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეესტრის მონაცემებით, პარტიას „ცენტრისტები“ არ ჰყავს ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.
2016 წლის 10 აგვისტოს, უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე დასწრების მიზნით, იუსტიციის სამინისტროს შენობაში გამოცხადდა მოქ. ვლადიმერ ბედუკაძე და განმარტა, რომ ის წარმოადგენდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნოდ რეგისტრირებული პარტიის „ცენტრისტები“ წარმომადგენელს. ვინაიდან, საჯარო რეესტრში დაცული მონაცემებით, პარტიას არ ჰყავს ხელმძღვანელობა და არ ჰყავს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, და ვინაიდან ვერც მოცემული მოქალაქე იქნებოდა პარტიის წარმომადგენელი კომისიის წინაშე, მოქალაქე არ იქნა დაშვებული სხდომაზე, რის შედეგადაც მან დატოვა სამინისტროს შენობა.
საჯარო რეესტრის ვებგვერდზე ყველასათვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პარტიას „ცენტრისტები“, მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული ოფიციალური მონაცემებით, არ ჰყავს და 2006 წლიდან არ ჰყოლია ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (იხ. https://napr.gov.ge/p/477; პარტია N 159)."