თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ხეების მოჭრასთან დაკავშირებით ეკოლოგიის სამსახურში ტერიტორიის მესაკუთრის წერილი შევიდა. კომპანიამ ეკოლოგიის სამსახურს ხეების მდგომარეობის შესახებ დასკვნა წარუდგინა და 68 ხის მოჭრას მოითხოვდა. ნინო სულხანიშვილის თქმით, დასკვნის მიხედვით, 68 დან 45 ხეზე, რომელიც დაავადებული, ამორტიზებული და ზეხმელი იყო, მოჭრის ნებართვა სამსახურმა გასცა.
„22 საღ ხეზე უარი ეთქვათ და 5 ხეზე გადარგვის ნებართვა გაიცა. კომპანიას ჰქონდა ვალდებულება, ჭრის დაწყებამდე ეცნობებინა ზედამხედველობის სამსახურისთვის, რათა არ მომხდარიყო იქ იმ ხეების მოჭრა, რომელზეც ნებართვა გაცემული არაა და არის საღი. ჩვენ, ჯერჯერობით, არ ვიცით, ჭრის დაწყებამდე ეცნობა თუ არა ზედამხედველობის სამსახურს.
ახლა შემოვიდა ინფორმაცია მოსახლეობისგან, დეპუტატებისგან. ჩვენ ადგილზე მივდივართ და ვნახავთ, ჩვენი ნებართვის შესაბამისად ხდება ჭრა თუ არა. დასკვნა თვითონ ხეების მდგომარეობის შესახებ დიამეტრებსა და სახეობებზე გვაქვს თან და ადგილზე გადავამოწმებთ.” - განუცხადა „ლიბერალს” ნინო სულხანიშვილმა.
დღეს სოციალურ ქსელში ადგილობრივმა მცხოვრებმა სოციალურ ქსელში ხის ჭრის ამსახელი ვიდეო გაავრცელა.
„ლიბერალი" ადგილობრივ მცხოვრებს დაუკავშირდა. ნასტია სართანიას თქმით, კომპანია „ორბი ჯგუფი" ყაზბეგის გამზირზე 42-სართულიან შენობას აშენებს და, სავარაუდოდ ამ მშენებლობის გამო ჭრიან ასწლოვან ხეებს ქუჩაზე.
„ძალიან ბევრი ნაძვი იყო და გაჩეხეს. ახლა უკვე პატრულიც მოვიდა, მაგრამ უკვე ყველაფერი გაჩეხეს, ძალიან გვიანია. თუმცა დარჩა რამდენიმე ნაძვი და იქნებ ეს ნაძვები მაინც გადავარჩინოთ. " - ამბობს ნასტია სართანია.