სამტრედიაში, პოლიციის შენობის წინ მოქალაქეები აქციას „დემურ სტურუასათვის, პოლიციური ძალადობის წინააღმდეგ" მართავენ.
„ნუ მკლავ, მეც ადამიანი ვარ", „დღეს გაჩუმება ხვალ სიკვდილს ნიშნავს" - ამ მოწოდებით „თეთრი ხმაურის მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ აქციაზე მოქალაქეები დემურ სტურუას საქმეში დამნაშავეთა დასჯას და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ. სამტრედიაში გამგზავრებამდე აქცია მათ თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან გამართეს.
მათი მოთხოვნები შემდეგია:
1. პასუხისმგებლობაში მიეცეს პოლიციელი გოდერძი თევზაძე და მისი მეწყვილე, რომლის ვინაობასაც პოლიცია ამ დრომდე ასაიდუმლოებს.
2.თანამდებობა დატოვოს სამტრედიის რაიონული პოლიციის უფროსმა.
3.შსს-ს მინისტრმა საზოგადოებრივი ორგანიზეციების თანამონაწილეობით შექმნას მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც თბილისსა და რეგიონებში პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებისა და შანტაჟის პრაქტიკებს შეისწავლის.
4.დაუყოვნებლივ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად.
აქციაზე იმყოფებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრებიც:
„მინდა, რომ გოდერძი დაიჭირონ. ჩემს შვილს მაინც არაფერი ეშველება. ჩვეულებრივად დადის, ბაზარში ვაჭრობს... ჩვეულებრივი მოქალაქე რომ ყოფილიყო, უკვე რამდნი ხნის დაჭერილი იქნებოდა?! რადგან პოლიციელია, არავინ იჭერს. მეტი მტკიებულება რაღა გინდათ?" - ამბობს გარდაცვლილის დედა ჟურნალისტებთან საუბარში.
სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში 8 აგვისტოს 22 წლის ბიჭმა თავი მოიკლა. მკვლელობის მიზეზი სავარაუდოდ პოლიციელის მუქარა გახდა - ამის შესახებ “ლიბერალს” გარდაცვლილის მეგობარმა განუცხადა. მისივე თქმით, თავის მოკვლამდე დემურ სტურუამ წერილი დატოვა, სადაც თვითმკვლელობის მიზეზებზე საუბრობს. მეგობრის თქმით, სოფელი საქმის გამოძიებას ითხოვს და გაჩერებას არ აპირებს. იგი ამბობს, რომ წერილში დასახელებული პოლიციელი სამტრედიის პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების თანამშრომელია.
გარდაცვლილის წერილს „ლიბერალი“ უცვლელად გთავაზობთ:
"დემური სტურუა. პოლიციელი გ. მემუქრებოდა ვინმეს პლანი ხო არ აქო დათესილიო, უნდა მითხრაო. თორემ რაც არ გაგიკეთებია, იმას შეგტენიო, მემუქრებოდა და მანქანაში გამლახა, წამიყვანა იანეთისკენ და აქ მოგკლავო. მემუქრებოდა გ. თ. - მილიციელი. მილიციასთან უნდა ითანამშრომლოო, ვის აქვს და ვის არაო პლანი დათესილიო ან კულაშშიო ან დაფნარშიო და საჯავახოშიო. ეს მოხდა 07.08.2016 აგვისტოს, კარგად გემშვიდობებით ყველას. დემური სტურუა. 20:10. დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა”.
შშს-ს ცნობით, 22 წლის ბიჭის თვითმკვლელობის ფაქტს პროკურატურა იძიებს. პოლიციელმა კი, რომელიც საქმეში ფიგურირებს პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა და კადრების განკარგულებაში იმყოფება.