თბილისის მერი დავით ნარმანია 24 აგვისტოს გამართული შეხვედრის დროს წარმოთქმული სიტყვების გამო ბოდიშს იხდის. ნარმანიამ სამოქალაქო აქტივისტ ირაკლი კუპრაძეს შეურაცხყოფა მიაყენა და “მაიმუნი, ვირიშვილი” უწოდა. ამის შესახებ თბილისის მერი განცხადებას ავრცელებს:
“მინდა გამოვეხმაურო მერიაში არასამთავრობოებთან გუშინდელი შეხვედრის დროს მომხდარ ინციდენტს, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას და ჩემს ამომრჩეველს. ბოლო ერთი კვირაა მერიის თანამშრომლების და ჩემს მიმართ ბევრი შეურაცხმყოფელი განცხადება მოვისმინეთ. გუშინ იყო საქმიანი შეხვედრა და გვსურდა, კონსტრუქციული დიალოგით და საქმიანი წინადადებებით მიგვეღწია შეთანხმებისთვის. თუმცა ერთ-ერთმა აქტივისტმა სცადა შეხვედრის დესტრუქციულ რეჟიმში გადაყვანა. მე, როგორც თანამდებობის პირს, უნდა შემენარჩუნებინა სიმშვიდე და არ ავყოლოდი ემოციებს, ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო”, – აცხადებს ნარმანია ფეისბუკზე.
დავით ნარმანიამ თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სტუდენტური გაერთიანება აუდიტორია #115–ის წევრ ირაკლი კუპრაძეს. დავით ნარმანიამ სამოქალაქო აქტივისტს “მაიმუნი ვირიშვილი” უწოდა.