თბილისის საქალაქო სასამართლომ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი მერიასთან კარვების განთავსების შესახებ დააკმაყოფილა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 29 აგვისტოს პარტიზანი მებაღეების სახელით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და მოითხოვა თბილისის მერიის გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც აქციის მონაწილეებს არ მისცეს შესაძლებლობა, სკვერის კონკრეტულ ნაწილში კარავი დაედგათ და ამ ფორმით გაეგრძელებინათ პროტესტი. ამ საკითხთან დაკავშირებით „ლიბერალი“ საიას იურისტს, ნონა ქურდოვანიძეს დაუკავშირდა.
„სასამართლომ განიხილა ჩვენი სარჩელი. ჩვენ ვითხოვდით, მერიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც შეეზღუდათ აქციის მონაწილეებს კარვის დადგმის შესაძლებლობა, ყოფილიყო უკანონოდ მიჩნეული და დავალებოდა თბილისის მერიას, არ შეეშალა ხელი აქციის მონაწილეებისთვის, რომ კარავი განეთავსებინათ სკვერის იმ ნაწილში, სადაც მათ სურდათ. დღეს სასამართლომ ჩვენი მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა,“- განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
თბილისის მერიასთან 25 აგვისტოს გამართული აქციის შემდეგ, თბილისის მერია „პარტიზანი მებაღეების" ინიციატივას, მერიის შენობასთან კარვის განთავსების შესახებ, გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „მერიის შენობის შესასვლელის ბლოკირება აკრძალულია, ამდენად, მიზნშეწონილია კარვის მიმდებარე სკვერში განთავსება".