„ორი თვეა არ ვყოფილვართ თბილისში, ვისვენებდით, გუშინ დავრბუნდით. ჩემი შვილი ავტობუსის დანახვას ემოციურად შეხვდა. გაჩერებულ ავტობუსში მძღოლს ეძახდა, გამიჩერეთ გამიჩერეთო. ემოციებს გამოხატავდა. აუტისტური აშლილობის სპექტრის მქონეა. მძღოლი გაღიზიანდა, გაუშალა ხელები რა გაყვირებსო. მე ვუთხარი, ნუ უყვირით-მეთქი. მე კი არა შენ შვილს მიეცი შენიშვნაო, მომაძახა. მერე გააჩერა ავტობუსი. მე არ მითხოვია, ისე. თქვა, თუ ეს ქალი ავტობუსიდან არ ჩავა, გზას აღარ გავაგრძელებო. მე არ ჩავედი. ერთ-ერთი მამაკაცი მგზავრი მეუბნება, ჩაგიყვან ახლა და გცემო. ჩანაწერიც მაქვს. ამ მდგომარეობაში ბოლომდე გავყევი ავტობუსს. ეს ჩემი პროტესტი იყო. აღარასოდეს აღარ ჩამოვალთ ავტობუსიდან. შევცდი, წინა შემთხვევისას რომ ჩამოვედით, როცა ასე მოგვექცნენ“, - ჰყვება ეკა მაისურაძე, რომლისთვისაც ეს პირველი შემთხვევა არ არის.
ორი წლის წინ ეკა ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ავტობუსით მგზავრობდა. მგზავრობის დროს მისი შვილი, სალომე, სკამის წინ დამონტაჟებულ ფიცარს ფეხს ურტყამდა. ხმაურზე მძღოლი გაღიზიანდა და მშობელს უთხრა, შვილი გაეჩერებინა. ეკამ ბოდიში მოუხადა და აუხსნა, რომ ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა და გარკვეულ აკრძალვებზე შესაძლოა უფრო გაღიზიანებულიყო: “თუ ავადმყოფია, საავადმყოფოში დააწვინეო, მიპასუხა მძღოლმა. ვუთხარი, რომ ეს არ იყო სწორი. პასუხად სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა. ავტობუსში ხმა არავის ამოუღია. შემრცხვა და ჩამოვედი”, - იხსენებს ეკა და ამბობს, რომ ავტობუსიდან ჩამოსვლის შემდეგ, სალომეს ეპილეფსიური შეტევები დაეწყო.
მაშინ ეკა მაისურაძემ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას მძღოლის სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა, თუმცა მათგან პასუხი არ მიუღია. მოგვიანებით, სახალხო დამცველმაც მიმართა კომპანიას განცხადებით. კომპანიაში ამბობდნენ, რომ სახალხო დამცველის განცხადების საფუძველზე მძღოლს საყვედური გამოუცხადეს.
„ლიბერალი“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას დაუკავშირდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ლელა სეთურიძის თქმით, კომპანიამ იცის ამ ფაქტის შესახებ, საკითხის მოკვლევა მიმდინარეობს და აუცილებლად გამოეხმაურებიან გუშინ მომხდარ ინციდენტს.