თბილისის მერიის წინ „პარტიზანული მებაღეობის" მიერ ორგანიზებულ აქციაზე „მე ვარ თბილისი" მოქალაქეები არიან შეკრებილი.
აქციის მონაწილეები აგროვებენ ხელმოწერებს მოთხოვნით, სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი და მისი თანაშემწე ნუგზარ კახნიაური, რადგან ისინი ვერ ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას და ვერ უზრუნველყოფენ ქალაქში მწვანე საფარის მოვლა-შენარჩუნებას.
„ქალაქში ნადგურდება მწვანე საფარი და ეს სამსახური ვერ უზრუნველყოფს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამწვანებული ტერიტორიების დაცვას. ქალაქს სჭირდება გონივრული განვითარება", - ამბობენ აქციის მონაწილეები.
აქციის მონაწილეებმა აუქციონი მოაწყვეს და გასაყიდად ნახატები გამოიტანეს. „პარტიზანი მებაღეების" თქმით, მოგროვებული თანხით ნერგებს შეიძენენ და დარგავენ.