
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან მთიან ყარაბაღში აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებისა და სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარქისიანის შეხვედრის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ სომხეთი იყო და არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი. მისი თქმით, სომხეთის ელჩმა საქართველოში განაცხადა, რომ არანაირი შეხვედრა და ოფიციალური მოლაპარაკება არ გაუმართავთ.
„სომხეთი არის ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, მეზობელი, მეგობარი ქვეყანა და ამ მიმართულებით არანაირი რისკი არ არსებობს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
არაღიარებული აფხაზეთის, ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი გაბნია ყარაბაღის დამოუკიდებლობის 25 წლისთავთან დაკავშირებით დელეგაციასთან ერთად მთიან ყარაბაღს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაცია აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე დაიდო.
გავრცელდა ფოტოები, სადაც დელეგაციის წევრები საზეიმო მიღებაზე სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანთან ერთად იმყოფებიან.
აფხაზეთის, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, კან ტანიამ იმედი გამოთქვა, რომ ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკა მთიან ყარაბაღთან უფრო ახლო ურთიერთობებს დაამყარებს. მანვე გაავრცელა სოციალურ ქსელში ფოტოები, სადაც საზეიმო მიღებაზე, ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრები სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანთან ერთად იმყოფებიან.