თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 სექტემბერს უნდა განიხილოს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიმართ ყოფილი თანამშრომლის, ზურაბ გელაშვილის სარჩელი, რომლითაც იგი „პარტიზანული მებაღეობის“ მხარდაჭერის გამო სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას ასაჩივრებს.
გელაშვილი „ლიბერალთან“ საუბარში ამბობს, რომ 7 მაისს „პარტიზან მებაღე“ მარი ბაქრაძეს ტელეფონით ესაუბრა ბოტანიკური ბაღის სავარაუდო გასხვისების საკითხზე და მხარდაჭერა გამოხატა. მისი თქმით, 18 მაისს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე Viber-ით დაუკავშირდა აშშ-დან და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერა მოთხოვა.
„არ დავწერე განცხადება, დაველოდე მის ჩამოსვლას, 29 მაისს შევხვდი, თუმცა იგი იმავე პოზიციაზე დარჩა. მითხრა, რომ „პარტიზან მებაღეებთან“ კავშირი ჩვენთვის რისკფაქტორიაო“ - ამბობს გელაშვილი „ლიბერალთან“ საუბარში.
მისი თქმით, გათავისუფლების შესახებ ბრძანება 10 ივნისს ჩაბარდა, რის გამოც სასამართლოში შეიტანა სარჩელი.
პროვაიდერების ზედამხედველობისა და მონიტორინგის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან გელაშვილის გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში ნათქვამია, რომ ამ უკანასკნელის გათავისუფლების მიზეზი სამსახურებრივი მოველეობის უხეშად დარღვევის ფაქტი გახდა.
გელაშვილი გამგეობის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ კარგი მუშაობისთვის მან პრემია არაერთხელ მიიღო. „თუ არაკომპეტენტური ვიყავი, რატომ მაძლევდა პრემიებს?!“ - ამბობს გელაშვილი.
კიდევ ერთი საეჭვო გარემოება, რომელზეც გელაშვილი საუბრობს, მისი სატელეფონო საუბრის სავარაუდო მოსმენაა.
„გამგებელმა მითხრა, ბაქრაძეს ტელეფონით ელაპარაკეო... ვიფიქრე, სატელეფონო საუბარი ხომ არ ისმინება-მეთქი. მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ნატა ფერაძეს Facebook-ზე ჰქოდა დაწერილი, რომ [მუნიციპალიტეტის] ერთ-ერთი თანამშრომელი დაუკავშირდა და მხარდაჭერა გამოხატა. კორპორატიული ნომერი მქონდა, ვვარაუდობ, რომ ყველა ნომერი შეამოწმეს ნატას სტატუსის გამო. მეორე ვარიანტია, რომ ან ჩემი, ან მარი ბაქრაძის ტელეფონებს უსმენდნენ“ - ამბობს გელაშვილი.
სასამართლოში მისი ინტერესების დამცველი „ლიბერალთან“ საუბარში განმარტავს, რომ პროცესი 8 სექტემბერს არის ჩანიშნული.
„ეს არის პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის კუთხით შრომით დავა. გელაშვილი ითხოვს თანამდებობაზე აღდგენას და განაცდური ხელფასის ანაზღაურებას“ - ამბობს გელაშვილის ინტერესების დამცველი.
ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში გელაშვილის ბრალდებებს უარყოფენ. განცხადებაში, რომელიც გამგეობამ გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ „პარტიზან მებაღეებთან“ კავშირის გამო თანამშრომლის გათავისუფლება სრული სიცრუეა.
„განვმარტავთ, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლის შესაბამისად, ზ. გელაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს მისი მხრიდან საქართველოს კანონმდებლობითა და შინაგანაწესით დადგენილი საჯარო მოხელის ქცევის ზოგადი წესების უხეშად დარღვევა და სამსახურისადმი აშკარა უპატივცემულობა.
ამასთან, აღვნიშნავთ, რომ მსგავს დარღვევებზე, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის რეაგირება, სამართლებრივ ფარგლებში, თანაბრად ვრცელდება ყველა თანამშრომლის მიმართ, რასაც ადასტურებს სხვა საჯარო მოხელეების მიმართ გამოყენებული დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომები“ - ნათქვამია ჩუღურეთის რაიონის გამგეობის განცხადებაში.
„პარტიზანი მებაღე“ ნატა ფერაძე „ლიბერალთან“ საუბარში ამბობს, რომ მათი მხარდაჭერის გამო თანამშრომლები სხვა უწყებებიდანაც გაათავისუფლეს, თუმცა გათავისუფლებული პირები ამ ფაქტებზე ხმამაღლა საუბარს ვერ ბედავენ.