ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანის თქმით, წლის ბოლოსთვის უკვე ცნობილი იქნება როგორც ევროპარლამენტის, ასევე ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხზე.
„რადიო თავისუფლების" ინგლისურენოვანი ბიუროს ცნობით, ჰანმა განაცხადა, რომ „ევროკავშირის წევრი ქვეყნებში მიანიშნებენ, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში აშკარა მოლოდინს გამოთქვამენ, რომ ვიზალიბერალიზაცია ორივე ქვეყანამ უნდა მიიღოს".
ვიზალიბერალიზაციის მისაღებად ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს თანხმობაა საჭირო.
წყაროები, რომელთაც „რადიო თავისუფლება" ესაუბრა, აცხადებენ, რომ ორივე ქვეყანა ვიზალიბერალიზაციას ოქტომბერში ან ნომბერში მიიღებს, მოქალაქეები კი უვიზოდ მგზავრობას უკვე გვიან ზამთარში შეძლებენ.
ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთა, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლებების კომიტეტი (LIBE) საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე 5 სექტემბერს იმსჯელებს.
ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დღის წესრიგის თანახმად, საკითხზე მომხსენებელი მარია გაბრიელი იქნება.
კომიტეტზე უკრაინისა და კოსოვოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზეც იმსჯელებენ.