იმდენი არ ქნას უსახლკაროდ დარჩეს, - ასე გამოეხმაურა ქიბარ ხალვაში ირაკლი ოქრუაშვილის კომენტარს, რომლითაც ოქრუაშვილმა დაადასტურა მასსა და ქიბარ ხალვაშს შორის 2010 წელს გაფორმებული შეთანხმების არსებობა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" მიერ გავრცელებული დოკუმენტით, რომ ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2-ის" არა მესაკუთრება, არამედ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ტელეკომპანიაზე საკუთრების უფლების მქონე ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებული პირი იყო.
„მართალი ყოფილა ახალი საუკუნის ქართული ანდაზა: ყოფილი ნაცი არ არსებობს. ნაციონალი არის ყველა ვინც ცხოვრობს წესით: ხელისუფლებისთვის და ფულის საშოვნელად ყველაფერი მოსულა. ამას წარსული დავიწყებია და აუცილებლად შევახსენებ. იმდენი არ ქნას უსახლკაროდ დარჩეს. მაესტროს ამბები რომ წამოიწყეს, მგონი 2012 იყო, იმის შემდეგ ურთიერთობა არ მქონია, ვფიქრობდი რომ მიშასთან შეთანხმებით მუშაობდა, მაგრამ მაინც ბოლომდე არ მეჯერა. ახლა დავიჯერე. მაინც მეცოდება, გავაფრთხილებ: მიშასთან თამაში საშიშია,“ - წერს ქიბარ ხალვაში.
„რუსთავი 2-ის" მიერ გავრცელებული დოკუმენტის თანახმად, „ქიბარ ხალვაში ადასტურებს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" შესაძენად დადებული ყველა გარიგებაში წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს და მოქმედებდა მისი სახელით. შესაბამისად, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ზე", მის წილებზე, აქტივებზე, ინტელექტუალურ საკუთრებაზე, მის წილთა შემძენ კომპანიებზე, „რუსთავი 2-ის" მესაკუთრეობასთან დაკავშირებულ ყველა პრეტენზიაზე, მოთხოვნაზე, სარგებელზე, მისაღებზე (reccivables) საკუთრების და მოთხოვნის უფლებები ეკუთვნის ირაკლი ოქრუაშვილს. ქიბარ ხალვაში არ იმოქმედებს „რუსთავი 2-თან" დაკავშირებულ არც ერთ საკითხში ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე".