დღეს, „პარტიზანი მებაღეები“ ყაზბეგის ქუჩაზე გაჩეხილი ხეებისა და დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური პრობლემების გამო მერიის ეკოლოგიისა და გამწვენების სამსახურის ხელმძღვენელის ნინო სულხანიშვილის გადადგომის მოთხოვნით მერიაში პეტიციას შეიტანენ.
როგორც „ლიბერალს“ „პარტიზანმა მებაღემ“ ნატა ფერაძემ უთხრა, პეტიციაზე ხელმოწერათა რიცხვი ამ დროისთვის 600-მდეა, ხელმოწერების დათვლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, შეჯამებულ პეტიციას დღეს მერიაში 5 საათისთვის შეიტანენ.
ნატა ფერაძის თქმით, „პარტიზანი მებაღეები“ მერიის მიმდებარედ გაშლილ კარავში რჩებიან და პროტესტს მანამ გააგრძელებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
“ჯერჯერობით ვრჩებით კარავში მერიასთან, ხვალ დაანონსებული გვაქვს 5 საათზე პირველი ეკო გაკვეთილი და ინტეგრირებული გაკვეთილი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის. ასევე, ვგეგმავთ ხეების დარგვის აქციას. დაახლოებით ორ კვირაში კი დაიგეგმება მორიგი დიდი აქცია, რადგან, როგორც ვატყობთ პოზიციების დათმობას არ აპირებენ.ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე პროტესტი გაგრძელდება“,- ამბობს ნატა ფერაძე.