განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, სამინისტრო მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასებში უმაღლესი სასწავლებლისთვის მოსამზადებლად სწავლის გაძლიერებას გეგმავს, რაც რეპეტიტორის საჭიროებას დღის წესრიგიდან მოხსნის.
„ფაქტობრივად, მეათე კლასის ჩათვლით არის ჩვეულებრივი სკოლა, ხოლო მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასებში მაგალითად, თუ ჟურნალისტობას აპირებს, მოსწავლე კონცენტრირდება მხოლოდ ჟურნალისტიკაზე ჩასაბარებლად, თუ ქიმიკოსობას აპირებს, ქიმიაზე და ა.შ. ანუ საუბარი არის სპეციალიზებულ, კონცენტრირებულ ბოლო ორ კლასზე. ეს გაძლიერებული თემები აქამდეც იყო, ვთქვათ, კომაროვის სკოლა, ვეკუას სკოლა. სწორედ ამის მცდელობა იყო საბჭოთა დროს. ჩვენ გვინდა, გავაძლიეროთ ეს მიმართულება, რომელიც სპეციფიკურად ნიჭიერებს, კარგებს, მშრომელებს ამზადებს კონკრეტული მიმართულებით წარმატებისთვის. წელსაც იქნება ამ მიმართულებით ცალკეულ სკოლებში სწავლის გაძლიერების ხელშეწყობა. ჩვენ გვინდა, რომ თითოეული მიმართულებით ხელი შევუწყოთ სკოლებს, რომლებიც ბოლო კლასში ისე ასწავლიან, რომ რეპეტიტორის საჭიროებას მოხსნიან“,- ამბობს მინისტრი.
რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, მინისტრის განმარტებით, ამ მიმართულებით მთავარი პრობლემა არის ის, რომ თუკი პროფესიული განათლების მიმართულებით აკეთებს მოსწავლე არჩევანს, უმაღლეს განათლებას ვეღარ დაუბრუნდება.
„მოდულური პროგრამები, რომელიც შემოვიდა პროფესიული განათლების სისტემაში, გულისხმობს, რომ სხვა განათლების პარალელურად (სკოლისა თუ უმაღლესი განათლების), შესაძლებელია, პროფესია შეიძინო. მომავალი არის ზუსტად ასეთი პროგრამების. ჩვენ ვამბობთ, რომ თუ ბავშვს ხელობა მოსწონს და სწავლაზე თავს არ იკლავს, შეეწყოს ხელი ამ მიმართულებით, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს, რომ უმაღლეს განათლებას ვეღარ მიიღებს. ამის შეცვლას ვგეგმავთ. მთავარია, პროფესიული განათლება აღარ იყოს ჩიხი და სწავლის გაგრძელება, სურვილის შემთხვევაში, უმაღლეს სასწავლებელში შეძლოს“,- ამბობს მინისტრი.