საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის, „იმედის”, „მაესტროსა“ და „GDS”-ისთვის ეგზიტპოლს კომპანია „TNC” მოამზადებს.
„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოდან გადაწყვეტილებას გრიგოლ გოგელიამ, ირაკლი პაპავამ, გიორგი კოხრეიძემ და მანანა მუსხელიშვილმა დაუჭირეს მხარი, წინააღმდეგ ხმა მისცა სულხან სალაძემ და ქეთევან სხილაძემ, ხოლო ირინა ფუტკარაძემ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
„ლიბერალი“ ბორდის წევრს სულხან სალაძეს დაუკავშირდა. ის ფიქრობს, რომ მაუწყებელი კერძო მაუწყებლებთან ერთად არ უნდა ატარებდეს ეგზიტპოლს და ამ ეგზიტპოლში მონაწილეობა მას რაიმე განსაკუთრებულს ვერ შემატებს.
„იმ პირობებში, როცა ხშირად საუბრობენ პოლუსირებულ მედიაგარემოზე, როცა მედიასაშუალებები პროსახელისუფლებო და ოპოზიციურ მედიასაშუალებებად იყოფა, სარედაქციო პოლიტიკიდან გამომდინარე, ასეთ ვითარებაში მაუწყებლის მხრიდან ასეთი გადაწყვეტილების მიღება მიუღებელია. გარდა ამისა არ მივიჩნევ, რომ ეს დადებით გავლენას მოახდენს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობაზე. ამან შეიძლება, პირიქით, გააჩინოს ეჭვები, საზოგადოებრივი მაუწყებელი ხომ არ ხდება რომელიმე ამ მედიების მხარის ნაწილი. მნიშვნელობა არ აქვს რომელი კერძო მაუწყებლები იყვნენ წარმოდგენილნი ამ კორსორციუმში. საუბარია მილიონი დოლარის სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, აქედან მაუწყებლის ხარჯი ორასი ათასი ლარია. ჩემი კითხვა მდგომარეობდა შემდეგში, როცა კერძო კომპანიები ფარავენ დანარჩენ თანხას, რა მოტივაცია ამოძრავებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ კერძო მაუწყებლებს ისეთი, რომ მათ, ვინც ორიენტირებულები არიან მოგებაზე უფრო მეტ თანხას იხდიან ეგზიტპოლში, ოღონდ საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოდგენილი იყოს ამ პროცესში. მე, სამწუხაროდ, მკაფიო ერთმნიშვნელოვანი პასუხები ამ საკითხებზე ვერ მივიღე. „ - ამბობს სულხან სალაძე.