Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზვიად ქორიძე: ეს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ნდობას შეასუსტებს

07 სექტემბერი, 2016 18:05

ჟურნალისტი ზვიად ქორიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მაუწყებელი 3 კერძო მაუწყებელთან ერთად ეგზიტპოლის ჩატარების თაობაზე ხელშეკრულებას კომპანია TNS-სთან გააფორმებს, არამართებულს უწოდებს და ამბობს, რომ კერძო მაუწყებლების კონსორციუმში გაერთიანება მაუწყებლის რეპუტაციას დარტყმას მიაყენებს.

„მიმაჩნია, რომ ეს ძალიან არამართებული გადაწყვეტილებაა. მაუწყებელს დღეს ყველაზე მეტად მიუკერძოებლობის რეპუტაცია სჭირდება. როდესაც მაუწყებელი კერძო მაუწყებლებთან ერთად ერთობლივ პროექტში იღებს მონაწილეობას, პირველ რიგში ის ავტომატურად, როგორც მაგნიტი, ისე მიიწებებს ამ კერძო მაუწყებლების მიკერძოებულობის ხარისხს. ამიტომაა ეს სახიფათო. საზოგადოებრივი მაუწყებელი ნებისმიერ ქვეყანაში ცდილობს, იმუშაოს კერძო სტუდიებთან და არა მაუწყებლებთან, რადგან კერძო მაუწყებლობის სარედაქციო დამოუკიდებლობის ხარისხი ბევრ შემთხვევაში (ვგულისხმობ განვითარებად ქვეყნებს), სწორედ ტელეკომპანიების მეპატრონეების გემოვნებასა და სურვილებზეა დამოკიდებული. ამიტომ ახლა, როცა მიდის პროცესი, რომ ამ მაუწყებლის გავლენა  საზოგადოებაში გაიზარდოს, მაუწყებელს ასეთი რისკიანი გადაწყვეტილებები არ სჭირდება. ასეთ კორსორციუმში გაკეთებული ეგზიტპოლი, რა თქმა უნდა, მის რეპუტაციას დაარტყამს. თვითონ ეგზიტპოლი არაა ის კომპონენტი, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეიძლება საზოგადოებრივი გავლენისთვის, საზოგადოების მხარდაჭერისთვის ჩაატაროს. ეგზიტპოლი პროპაგანდისტული ხრიკია, რომელსაც  ყოველთვის იყენებენ საარჩევნო პროცესში“,  - ამბობს ზვიად ქორიძე და დასძენს, რომ ფული, რომელსაც მაუწყებელი ეგზიტპოლის ჩასატარებლად დახარჯავს (ორასი ათასი ლარი), სჯობდა სხვა პროგრამულ პრიორიტეტებზე დახარჯულიყო.

„რამდენადაც, ვიცი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეს ფული თავის დროზე ბიუჯეტში არ გაითვალისწინა და ახლა გამოათავისუფლა: მას შემდეგ, რაც დღის წესრიგში  საზოგადოებრივი მაუწყებლის მონაწილეობით ეგზიტპოლის ჩატარების საკითხი დადგა. თანხა დიდი არ ჩანს,  ორასი ათას ლარზეა საუბარი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს თანხა მაუწყებელმა სხვა პროგრამულ პრიორიტეტებზე რომ დახარჯოს, თუნდაც ერთი ან ორი კარგი პროექტის წარმოებისთვის, გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე გადაყაროს ნახევარსაათიან პროპაგანდისტულ ხრიკში. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ნდობის გადარჩენაზე. არ მინდა, რომ მაუწყებელმა ამ არჩევნებზე ეგზიტპოლის ჩატარებით ეს ნდობა, რომელიც ნელ-ნელა გროვდება, ერთბაშად დაკარგოს. დღეს მნიშვნელოვანია, მაუწყებელმა ამ ნდობის მოპოვებასა და გაძლირებაზე დახარჯოს დრო“, - ამბობს ქორიძე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის, „იმედის”, „მაესტროსა“ და „GDS”-ისთვის ეგზიტპოლს კომპანია „TNC” მოამზადებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოდან გადაწყვეტილებას გრიგოლ გოგელიამ, ირაკლი პაპავამ, გიორგი კოხრეიძემ და მანანა მუსხელიშვილმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ ხმა მისცა სულხან სალაძემ და ქეთევან სხილაძემ, ხოლო ირინა ფუტკარაძემ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

„ლიბერალი“ ბორდის წევრ სულხან სალაძეს დაუკავშირდა. ის ფიქრობს, რომ მაუწყებელი კერძო მაუწყებლებთან ერთად არ უნდა ატარებდეს ეგზიტპოლს და ამ ეგზიტპოლში მონაწილეობა მას რაიმე განსაკუთრებულს ვერ შეჰმატებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^