„ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში ნინო წილოსანი წარმოადგენს,- მაჟორიტარი დეპუტატობის ახალი კანდიდატი დღეს, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ წარადგინა.
კალაძს თქმით, ნინო წილოსანი არის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მაგისტრი. გავლილი აქვს პოლიტიკის კურსი ოქსფორდის უნივერსიტეტში. მას აქვს ბიზნესსექტორში საქმიანობის დიდი გამოცდილება. წლების განმავლობაში იყო ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის საფინანსო- ეკონომიკური განყოფილების უფროსი. დღეს კი, ამ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.
„ჩემთვის დიდი პატივია წარმოვადგენდე „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ და ვიყო მაჟორიტარობის კანდიდატი ჩემს უსაყვარლეს რეგიონში- გურიაში. კერძოდ, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში. დიდი მადლობა ბატონ გიორგი კვირიკაშვილსა და მთელს გუნდს ჩემთვის გამოცხადებული ნდობისთვის. გურია ჩემი მშობლიური მხარეა, ჩემი ფუძე იქიდან არის, ამიტომ, მე ძალიან კარგად ვიცი ყველა ის საკითხი, რაც არის მოსაგვარებელი და გადასწყვეტი. ჩემს გურულებს კი მინდა ვუთხრა, თითოეული თქვენგანის წინაშე ვგრძნობ პასუხისმგებლობას და გარწმუნებთ, რომ გავაკეთებ ყველაფერს, არ დავიშურებ ჩემს ენერგიას, ცოდნას და გამოცდილებას, რომ ჩვენი რეგიონი იყოს სწრაფად განვითარებული და თითოეულ თქვენგანს ჰქონდეს კეთილდღეობა“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.