2016 წლის 8 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა პენიტენციური დეპარტამენტის N6 დაწესებულებაში მსჯავრდებულის გ.ბ.-ს მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების წინადადებით საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართა.
საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ.ბ.-ს მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს საქართველოს პროკურატურამ.
„მსჯავრდებულმა გ.ბ.-მ სახალხო დამცველის რწმუნებულებთან განაცხადა, რომ 2016 წლის 3 სექტემბერს, დაწესებულებაში მსჯავრდებულების სატელეფონო საუბრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ოთახში სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ, დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ, თანამშრომლებმა პლასტმასის ხელკეტი დაარტყეს მარცხენა ხელზე, შემდეგ კი 2-3 წუთის განმავლობაში ფეხებს ურტყამდნენ. გ.ბ.-ს თქმით, მას დაწესებულების თანამშრომლები მოცემულ შემთხვევამდე ემუქრებოდნენ სასჯელის დამატებით, თუ არ შეწყვეტდა საჩივრების წერას, მათ შორის, სახალხო დამცველთან განცხადებების გაგზავნას, ხოლო დაწესებულების უსაფრთხოების უფროსმა და სამართლებრივი რეჟიმის უფროსმა მუქარის ტონით უთხრეს, რომ შეეწყვიტა საჩივრების წერა.“ - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. ამავე განცხადების მიხედვით, მსჯავრდებულ გ.ბ.-ს სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები.
„ნიშანდობლივია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ პენიტენციური დეპარტამენტის N6 დაწესებულებაში არსებული ჟურნალების დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ დაწესებულების მიერ მსჯავრდებულის დაზიანებები აღწერილი არ იყო და დაზიანებების შესახებ არც საგამოძიებო ორგანოში იყო გაგზავნილი შეტყობინება. დაწესებულების ექიმმა მსჯავრდებული დაწესებულების საგამოძიებო ოთახში დაათვალიერა და დაზიანებები აღწერა მხოლოდ 2016 წლის 7 სექტემბერს, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულების მოთხოვნის შემდეგ”
.