
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო ბლოკი „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო", რეგისტრაციიდან მოხსნა.
ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებაში ნათქვამია, რომ ბლოკმა კანონით დადგენილ ვადაში არ წარმოადგინა პარტიული სია, რაც ბლოკის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
„პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს პარტიის/საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30 დღისა. პარტიულ სიას თან უნდა ერთვოდეს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი, საქართველოს მოქალაქის პირადობისს მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და მისი ფოტოსურათი. საარჩევნო ბლოკმა „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო" მიმდინარე წლის 8 სექტემბერს ცესკოში წარმოადგინა მხოლოდ განცხადება და კანდიდატთა სააღრიცხვო ბარათები, თანდართული დოკუმენტაციით" - ნათქვამია განკარგულებაში.