ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით დღეს 10-ზე მეტი პაციენტის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
მათივე თქმით, სასწრაფო დახმარების სამსახურში გაზის სუნთან დაკავშირებით გამოძახებები დაფიქსირდა.
დილიდან თბილისში გაზთან შერეული ნივთიერების „ოდორანტის“ სუნი იგრძნობა.
„გაჟონვა არ მომხდარა. ეს არის გაზის ოდორანტის სუნი. როგორც ცნობილია, ბუნებრივ გაზს არ აქვს სუნი და უსაფრთხოების მიზნით, ბუნებრივ გაზს ყოველთვის ემატება ნივთიერება - ოდორანტი. ეს არის ჩვეულებრივი ტექნიკური პროცედურა - გაზის ოდორიზირება. ზოგადად გაზის ოდორიზირებას აქვს თავისი ტექნიკური პარამეტრები და ხდება ზამთრისა და ზაფხულის სეზონების დროს. არის გარდამავალი სეზონები - შემოდგომა-გაზაფხული, როცა პრობლემები ყოველთვის წარმოიქმნება. იგი აბსოლუტურად უსაფრთხოა იმ დოზით, რაც გაზშია, თუმცა, როგორც ნივთიერება, მომწავლავია. ჩვენს შემთხვევაში იგი აბსოლუტურად უსაფრთხოა" - ამბობენ გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში.
მათი განმარტებით, სუნი გაზგამანაწილებელი სადგურებიდან გავრცელდა.