„რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მისი და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი დამონტაჟებულია.
მისი თქმით, ჩანაწერიდან ამოჭრილია ფრაზა, სადაც ბურჭულაძე ამბობს, რომ იგი არც სააკაშვილის და არც ივანიშვილის ინტერესებს არ ემსახურება.
"ის ჩანაწერი, რომელიც დღეს დაიდო ნამდვილად ძალიან სკანდალურია, მაგრამ არა მისი შინაარსი, არამედ ფაქტი, რომ ხელისუფლებამ მორიგ ჯერზე დაადასტურა, რომ ნამდვილად გვისმენს და არა მხოლოდ ტელევიზიის დირექტორს, არამედ პოლიტიკურ ლიდერს" - თქვა გვარამიამ.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ, პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერის, პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ვრცელდება.
გავრცელებულ მასალის მიხედვით, მათი საუბარი „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებას ეხებოდა, როდესაც მან განაცხადა, რომ კოალიციის შექმნას არავისთან არ გამორიცხავს, გარდა „პატრიოტთა ალიანსისა“ და ბურჯანაძის პარტიისა.
როგორც საკუთარ FACEBOOK გვერდზე ნიკა გვარამია წერს, მან ღია ხაზზე სპეციალურად დარეკა, რადგან არაფერი არ ჰქონდა დასამალი.
„სამი დღე არ დაჭირდა სუს-ს“, - წერს გვარამია.
სახელმწიფო უსაფრთხოებსი სამსახური ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის მოპოვება-გავრცელებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფს.
„ბრალდება არის უსაფუძვლო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს რაიმე სახის კავშირს აუდიოჩანაწერის მოპოვება-გავრცელებასთან დაკავშირებით. იმას თუ ვინ მოიპოვა და გაავრცელა ჩანაწერი, გამოძიება დაადგენს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება" - უთხრეს „ლიბერალს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.