შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი მომავალი თაობებისთვის მთელი საუკუნის სამყოფ ინფრასტრუქტურას ვაშენებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, სივრცითი მოწყობის პროექტის განხორციელება ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ინვესტიციებისა და განვითარებისთვის სტაბილურ გარემოს უზრუნველყოფს.
„გეოგრაფიული მდებარეობა აღარ იქნება ბარიერი ბიზნესის წარმოებისა და გადაადგილებისთვის...ეს პროექტი ისტორიულ, ხარისხობრივ ცვლილებას შეიტანს ქვეყნის განვითარებაში. ჩვენი გუნდი დარწმუნებულია, რომ ეს არის ძალიან რეალისტური გეგმა, რომელზეც ვმუშაობთ საარჩევნო კამპანიის პარალელურად. დარწმუნებული ვარ, არჩევნების დასრულების შემდეგ მოგვეცემა საშუალება, დავიწყოთ ამ გეგმის ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელება", - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სივრცითი მოწყობის პროექტი სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მიწების, მაღალმთიანი რეგიონების, დაცული ტერიტორიების, კურორტებისა და სხვა სეგმენტების განვითარებას გულისხმობს.
„სივრცითი მოწყობის პროექტი სივრცის რაციონალურ, მდგრად და დაბალანსებულ დაგეგმვას; ასევე, ტრანსპორტის, მშენებლობის, ენერგეტიკის, ტურიზმის, წარმოების და სხვა სექტორების ინტეგრირებულ და ტერიტორიულ განვითარებას, ქალაქებსა და სოფლებს შორის კავშირების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
სწორი სივრცითი დაგეგმარება, რეგიონებში თანაბარი ეკონომიკური განვითარების სტიმულირებას შეუწყობს ხელს, ხოლო ქვეყანას, არსებული პოტენციალის სრულად რეალიზების საშუალებას მისცემს", - აცხადებენ ადმინისტრაციაში.