
საკუთარი ხელით შეეძლო თუ არა დემურ სტურუას თავის მოკვლა - ამ შეკითხვით დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული გოდერძი თევზაძის დაცვის მხარემ ალტერნატიული დასკვნის მოსამზადებლად ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილს მიმართა.
როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას ნიკოლეიშვილი აცხადებს, ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად დღეის მდგომარეობით არსებული საკვლევი მასალა არასაკმარისია.
„მარყუჟის დადების წესი, თუ როგორია ის, საერთოდ ყოველი თვითმკვლელობის დროს ან მსგავს საეჭვო შემთხვევებში ყოველთვის უნდა დადგინდეს. უნდა მოხდეს მარყუჟის შესწავლა. ჯერ ეს დასკვნები არ დევს საქმეში, კრიმინალისტებს გადაცემული აქვთ ეს მარყუჟი, დასკვნა კი ჯერ მზად არაა. აქედან გამომდინარე, ვერ ვუპასუხე ადვოკატს, შეეძლო თუ არა დემურ სტურუას თავისი ხელით ამის გაკეთება. ისიც ძალიან საინტერესოა, რომ უკან კისერზე ორი ცალი კვანძია. მარყუჟი (ყულფი) ყოველთვის იკვრება კვანძით. არის ხოლმე ატიპური, როცა წინ არის კვანძი, ან მეორე - როდესაც უკან არის. ამ შემთხვევაში კი ორი კვანძია - უკან. მარცხნივ და მარჯვნივ - ასეა აღწერილი. მე ეს მარყუჟი არ მინახავს, ბუნებრივია, მაგრამ აღწერილია გვამის ექსპერტიზაში. ეს ორი უკანა კვანძი არის ძალიან ატიპური. რაც ბუნებრივია, საკვლევია. რამდენად იქნება თევზაძის ადვოკატის ინტერესი, რომ გამოძიება ამ მიმართულებით წავიდეს, ამას ვერ გეტყვით“, - აცხადებს ნიკოლეიშვილი.
ნიკოლეიშვილის განცხადებით, ალტერნატიულ დასკვნაში მან ასევე მიუთითა, რომ შესაძლოა მოხდეს ე.წ. სიმაღლეების გაზომვა.
„მაგალითად, მიწიდან ტოტამდე დაახლოებით 3 მეტრია. ჩამოკიდებული გვამის ფეხებიდან მიწამდე დაშორება იყო საკმაო - დაახლოებით 50 სანტიმეტრამდე, ზუსტად არ მახსოვს. კუნძი, კიბე ან სკამი ადგილზე ნაპოვნი არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, აღნიშნული დეტალები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. გაიზომება ეს სიმაღლე, ფეხების ქვემოთ რა იყო, შეეძლო თუ არა მას ასვლა და ამის გაკეთება და ა.შ. ის, რომ იქ კიბე ან კუნძი არ იყო, რა თქმა უნდა, კითხვებს ბადებს, მაგრამ ამას არაფრით არ შევაფასებდი მკვლელობად, მე ექსპერტი ვარ და ამას არ ვამბობ, რადგან ეს არაა ჩემი საქმე, უბრალოდ მივუთითებ გარემოებებზე, თუ რა არის მნიშვნელოვანი. ისიც იმიტომ მივუთითე, რომ კითხვა მქონდა, საკუთარი ხელით შეძლებდა თუ არა დემურ სტურუა ამას. დღეის მდგომარეობით ვერც მე და ვერც სხვა ამ შეკითხვაზე დადებით პასუხს ვერ გაგცემთ იმიტომ, რომ კვლევებია ჩასატარებელი. მერე შეიძლება აღმოჩნდეს, რომ შეძლებდა, არაა გამორიცხული“, - აცხადებს ნიკოლეიშვილი.
რაც შეეხება ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დემურ სტურუა სიკვდილამდე ნაწამებია, ნიკოლეიშვილი, ამბობს, რომ ამის თქმის საფუძველს, ესქპერტიზის დასკვნა არ იძლევა.
„რაც ექსპერტის დასკვნაში წერია დაზიანებების შესახებ, მე იმით ვიხელმძღვანელე, რადგან თავად გვამის ექსპერტიზა მე არ ჩამიტარებია. რატომღაც, მგონია, რომ მათ მხოლოდ დასკვნითი ნაწილი წაიკითხეს და აღწერილობითი არავის წაუკითხავს. აღწერილობით ნაწილში წერია, რომ არის 4 მმX2მმ ზომის ნაჭდევი, ანუ ნაკაწრი წვივის მიდამოში. ასევე მეორე 2X6 მმ. ეს ხომ ძალიან პატარა ნაკაწრი-ნაჭდევია. ოჯახი ამბობს, რომ სტურუა ნაწამებია. ექსპერტიზის დასკვნით ნაწილში წერია, რომ ფეხებზე აღენიშნება დაზიანებები, მაგრამ აღწერილობით ნაწილში მითითებულია ზომები. აღწერილობითი ნაწილი რომ ენახათ, ნახავდნენ, რომ 4მმ სიგრძისა და 2მმ სიგანის საჭდევი არ შეიძლება იყოს ცემის ან წამების კვალი“, - ამბობს ნიკოლეიშვილი.