თბილისის მერიასთან დღეს უსახლკაროები შეიკრიბნენ. აქციაზე ერთ-ერთ სახელმწიფო ობიექტში - ყოფილი კარდიოლოგიურის შენობაში შეჭრილებს მერიისგან ელექტროენერგიის აღდგენაზე ნებართვის გაცემა უნდა მოეთხოვათ. მეხუთე წელია, უსახლკაროები ამ შენობაში ელექტროენერგიის გარეშე არიან. შენობაში დაახლოებით 70 ბავშვი ცხოვრობს. ელექტროენერგიის არარსებობასთან ერთად შენობაში მოუწესრიგებელია საკანალიზაციო სისტემა და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებია.
ბოლო თვეების განმავლობაში უსახლკაროთა ეს ჯგუფი სახელმწიფოსგან, როგორც ქონების მესაკუთრისგან, შენობაში ელექტროენერგიის აღდგენაზე ნებართვის გაცემას მოითხოვს,ამასთან დაკავშირებით რამდენიმე აქცია და შეხვედრა გაიმართა ეკონომიკის სამინისტროშიც. უსახლკაროთა მოთხოვნის საპასუხოდ, ეკონომიკის სამინისტრომ შენობა გადასცა თბილისის მუნიციპალიტეტს, რომელიც დღეს ნებართვის გაცემაზეა პასუხისმგებელი. აქციაზე გაირკვა, რომ მათ მერიის ქონების მართვის დეპარტამენტიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ პრობლემაზე მუშაობას მერია ხვალვე დაიწყებს. აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ნინა ნოზაძე ამბობს, რომ თუ მერია პირობის შესრულებას არ დაიწყებს, უსახლკაროები ხვალიდან საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ.