სამცხე-ჯავახეთში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ჟურნალისტმა სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის შესახებ დაუსვა შეკითხვა ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც პრემიერობის დროს მუსლიმ თემს ამ ფაქტის გამოძიების პირობა მისცა.
„ჭელაში რაც მოხდა პროვოკაცია იყო. ბოლოს ამ ამბით აღარ დავინტერესებულვარ და ხმაური აღარ არის როგორც ვიცი. ზოგადად ამ საკითხით პროვოცირება ხშირად ხდებოდა. გავიხსენოთ, ბათუმში რა ხდებოდა. წელიწადში ორჯერ დაგეგმილი ჰქონდათ მუსლიმებისა და ქრისტიანების დაპირისპირება მეჩეთის თემაზე და ორივე ნაწილს თვითონ აფინანსებდა „ნაციონალური მოძრაობა“. ბოლო ორი წელია, მე სერიოზული არაფერი გამიგია.“
ჟურნალისტმა ადიგენსა და მოხეში მომხდარი ამბები შეახსენა, რაზეც ივანიშვილმა უპასუხა, რომ ეს ისეთი კონფლიქტია, რომელიც გარეთ გასატანი არაა.
„სამეზობლოშიც, ოჯახშიც ხდება კონფლიქტები ხშირად. მაგალითად, გუშინ ჩვენს უფროსს ბიჭთან საკმაოდ კარგად ვარჩევდით მე და ჩემი მეუღლე, რაღაცები არ მოგვწონდა. ეს ნორმალურია და ეს ის არაა, რასაც გვაჩვენებდნენვ რომ მასიური დაპირისპირება მოხდებოდა. ერთი ნაწილიდან ერთი ხალხი იყო მოსყიდული, მეორედან - მეორე და აჩვენებდნენ მსოფლიოს, როგორი ველურები იყვნენ ქართველები, რომ მართმადიდებლური ქრისტიანობის გარდა, სხვა რელიგია არ ესმით და ესენი არიან არატოლერანტულები. ამ დროს განსხვავებულია სიტუაცია. მოხდება ისეთი რაღაცეები, რაც თქვით, მაგრამ ეს ის არაა, რასაც გვაჩვენებდნენ, ასეთი გამოვლინებები კიდევ იქნება.“