„ადამიანის უფლებათა ცენტრი" კიდევ ერთხელ გამოხატავს შეშფოთებას მარნეულის რაიონის პროკურატურის არაეფექტიანი რეაგირების გამო დანაშაულზე, რომელიც მოიცავს დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ორსულ გოგონაზე სექსუალურ ძალადობას.
ორგანიზაციის დაცვის ქვეშ მყოფი ორსული არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურების საქმეზე კომპლექსური ექსპერტიზით დადასტურდა, რომ დანაშაული დაზარალებულის ქმრის ნათესავმა ჩაიდინა. ექსპერტიზის შედეგები დაზარალებულის წარმომადგენლისთვის 30 აგვისტოს გახდა ცნობილი, როდესაც მას დაუკავშირდა სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და დასკვნის შინაარსი გააცნო.
მარნეულის პოლიციის სამმართველოს მიერ, „ადამიანის უფლებათა ცენტრისათვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე დაიკითხა 9 მოწმე, თუმცა დამნაშავე ისევ დაუსჯელია და არსებობს საფრთხე, რომ სასჯელის მოხდის თავიდან აცილების მიზნით მიიმალოს.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი" მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რათა არასრულწლოვან ორსულ გოგონაზე სექსუალურ მოძალადეს დაუყოვნებლივ წაუყენონ ბრალი.