
„ჰანიველ პარტნერსის" მმართველმა პარტნიორმა, ირაკლი რუხაძემ დღეს განაცხადა, რომ სულ მალე ის და მისი პარტნიორები „ლიბერთი ბანკის” საკონტროლო აქციების მფლობელები გახდებიან. შესყიდვის პროცესი მისი თქმით, დაახლოებით ერთ თვეში ან თვე-ნახევარში დასრულდება.
„მოლაპარაკებები მიდის, ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს იმ ჯგუფთან, რომელმაც უნდა მოგვყიდოს „ლიბერთი ბანკი", თვითონ ამ ჯგუფს უჩივლეს ლონდონში, მაგრამ იმედი მაქვს ძალიან სწრაფად დასრულდება პროცესი. თანხის ნაწილი გადახდილიც გვაქვს და ამიტომ ამ გარიგებას დავამთავრებთ. იმედი მაქვს, თვე-თვენახევარში დასრულდება პროცესი. „ლიბერთი ბანკის“ მფლობელები ვიქნები მე და ჩემი პარტნიორები. კერძოდ, „ჰანიველ პარტნერსი“, რომელიც ჩემი კომპანიაა, მე ვარ იქ ძირითადი მფლობელი, მაგრამ მყავს სხვა პარტნიორებიც“, - განუცხადა რუხაძემ „ბიზნესკონტრაქტს”.
ამჟამად „ლიბერთი ბანკის“ აქციების საკონტროლო პაკეტი, 73,02% „ლიბერთი ჰოლდინგ ჯორჯიას" ეკუთვნის.
4,79% კი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ლადო გურგენიძის საკუთრებაშია.
აქციების 24.57%-ის ბენეფიციარი მესაკუთრეა დენის კოროტკოვ-კოგონოვიჩი.
ამდენივეს ფლობს მალიკ იშმურატოვი, ხოლო 9.04%-ის ბენეფიციარი მესაკუთრე ალექსეი იუსფინია.
ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე ტელეკომპანია „იმედის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის მრჩეველია. როგორც მან თებერვალში განაცხადა, ძმებ გაჩეჩილაძეებს „მაესტროს“ წილის შესაძენად თანხა ასესხა. რუხაძეს მაშინ თანხის რაოდენობა არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ სესხი პროცენტიანია. გია გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია „მაესტროს" დამატებით 30%-იანი წილი 2016 წლის 1 თებერვალს შეიძინა. გაჩეჩილაძეებიც ამბობდნენ, რომ ფული წილის შესაძენად დიდი ხნის მეგობარმა ირაკლი რუხაძემ ასესხა.