
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს, განიხილოს „რუსთავი 2-ის“ ეთერში გასული „პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო რგოლის საკითხი. დოლიძე ამბობს, რომ რგოლის შეჩერების გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2-მა“ მხოლოდ მყისიერი საფრთხე აიცილა.
„ამ სფეროში, კონკრეტული საარჩევნო რეკლამა რა ტიპის შინაარს შეიცავს, საბოლოო სიტყვა ეკუთვნის სახელმწიფოს და კონკრეტულად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. შესაბამისად, მივმართავთ მას, იმსჯელოს ამ საკითხზე და მიიღოს გადაწყვეტილება", - განაცხადა ანა დოლიძემ.
„რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ კი „პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო ვიდეორგოლის ეთერიდან მოხსნის შესახებ ინფორმაცია Facebook-ის გვერდზე გაავრცელა.
„ბოლო ორი დღის განმავლობაში, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერით, რამდენჯერმე (სულ 6-ჯერ) უფასო საარჩევნო რეკლამის განთავსების ვალდებულების ფარგლებში, გადაიცა „პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო რგოლი, რომელიც ატარებს ღიად ანტითურქულ ხასიათს, აღვივებს ეთნიკურ შუღლს და წარმოადგენს ქსენოფობიის პროპაგანდას. აღნიშნული ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას”, - წერდა ნიკა გვარამია.