მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს 26 სექტემბრის აუდიოჩანაწერზე. მათი თქმით, პროკურატურა უკვე მუშაობს სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობაზე, რომელიც გაიგზავნება შესაბამის ქვეყნებში, ინიშნება ტექნიკური ექსპერტიზა, რათა გაირკვეს აუდიოჩანაწერის ავთენტურობა.
„მთავარი პროკურატურა უკვე მუშაობს სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობაზე, რომელიც გაიგზავნება შესაბამის ქვეყნებში. ამასთან გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობის დასადგენად გამოძიების ამ ეტაპზე ინიშნება ტექნიკური ექსპერტიზები, რათა გაირკვეს აუდიოჩანაწერში არსებული ხმები ეკუთვნით თუ არა მიხეილ სააკაშვილს, აკაკი მინაშვილს, ნუგზარ წიკლაურს, გიგი წერეთელს, პეტრე ცისკარიშვილს, აკაკი ბობოხიძეს და ირმა ნადირაშვილს. ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, თუ საიდან, როგორ და ვინ მოიპოვა ხსენებული მასალა და ვინ განათავსა ვიდეოპორტალ youtube.com-ზე“.- განუცხადა „ლიბერალს“ პროკურატურის პრესსამსახურმა.
სოციალურ ქსელ Youtube-ზე 26 სექტემბრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელზეც მითითებულია, რომ ეს მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის საუბარია.
აუდიოჩანაწერის თანახმად, საუბარში მონაწილე პირები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ და არჩევნების შემდგომ მოვლენების განვითარების ვარიანტებზე მსჯელობენ.