გუშინდელი გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო მარიხუანის განმეორებით მოხმარებისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება. შედეგად მარიხუანის მოხმარების არც ერთი შემთხვევა არ შეიძლება დაისაჯოს პირის იზოლაციით, - ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ განმარტებას ავრცელებს.
EMC-ის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, ყველა ის პირი, ვინც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში აღკვეთი ღონისძიების სახით იმყოფება პატიმრობაში მარიხუანის მოხმარებისთვის, უფლებამოსილია მიმართოს სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვოს პატიმრობის უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლა.
„გადაწყვეტილების საფუძველზე, ყველა ის პირი, ვინც მარიხუანის მოხმარებისთვის იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ, ან შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა ამ ქმედებისთვის, უფლებამოსილია მიმართოს სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვოს მის მიმართ შეფარდებული სასჯელის შეცვლა, ან გაუქმება.
რაზე არ უმსჯელია სასამართლოს: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არ მომხდარა მარიხუანის განმეორებით მოხმარების, ან მისი მცირე ოდენობით შეძენა/შენახვის დეკრიმინალიზაცია. პირველ ჯერზე მარიხუანას მოხმარება რჩება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, განმეორებით ჩადენილი ქმედება კი კვლავაც წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და მის მიმართ შესაძლებელია გამოყენებული იყოს სხვა სისხლისსამართლებრივი სასჯელები (ჯარიმა, საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა და სხვა); • საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ მარიხუანის და ის არ ვრცელდება სხვა ნარკოტიკულ საშუალებებზე, აგრეთვე არ ვრცელდება ფსიქოაქტიურ და ახალ ფსიქოაქტიურ (ე.წ. ბიო ნარკოტიკი) ნივთიერებებზე.
საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების გარდა, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის განაჩენი ერთ-ერთ საქმეზე, რომელშიც სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა. ბექა წიქარიშვილის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ არამარტო მარიხუანის, არამედ სხვა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვისაც გაუმართლებელია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება. უზენაესი სასამართლოს არგუმენტაციით, თუკი გაუმართლებელია დიდი ოდენობით (70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანა) ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისათვის პირისათვის თავისუფლების აღკვეთა, მით უფრო გაუმართლებელია ნებისმიერი ტიპის ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის, თუნდაც სახეზე გვქონდეს აღნიშნული ქმედების რეციდივი (ანუ განმეორებითი მოხმარება), სასჯელის უმკაცრესი ფორმის (თავისუფლების აღკვეთის) გამოყენება, რადგან ამ ქმედებით პირი მხოლოდ საკუთარ თავს უქმნის საფრთხეს და იგი არ აზიანებს გარეშე პირთა თუ საზოგადოებრივ ინტერესებს. აქვე აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ამჟამადაც არის შეტანილი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი სარჩელი, სადაც გასაჩივრებულია ნარკოტიკული საშუალების უსამართლო დოზირებები; იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმების პროცედურები, ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულ პირთა მიმართ დამატებით სამოქალაქო უფლებების შეზღუდვის მექანიზმი და სხვა საკითხები. ამ საქმეებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქვეყნის ნარკოპოლიტიკის ცვლილებაში და მისი სამომავლო მიმართულებების განსაზღვრაში", - ნათქვამია განცხადებაში.