Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

EMC: ნარკოტესტირების პრაქტიკა კვლავ იძლევა უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის საშუალებას

07 ოქტომბერი, 2016 13:01

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის პირველ ექვს თვეში ნარკოლოგიურ შემოწმებაზე 14 337 პირი იყო წარდგენილი, რომელთაგან მხოლოდ 3 849-ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების/ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტი, 14-მა კი უარი განაცხადა ექსპერტიზაში მონაწილეობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ავრცელებს

ორგანიზაციის თქმით, დადებითად უნდა შეფასდეს იძულებით ექსპერტიზაზე გადაყვანის რაოდენობის კლება, თუმცა ერთმნიშვნელოვნად შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ეს შს მინისტრის ახალი ბრძანების შედეგია, რომელიც 2015 წლის ოქტომბერში გამოიცა.

შს მინისტრის ახალი ბრძანებით, იძულებით ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაყვანის სამი საფუძველი განისაზღვრა. ესენია: 1) სამართალდამცავთა მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის, ან მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობის დაფიქსირება, 2) პირის მიერ სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან მის მიერ მიმალვის განხორციელების მცდელობა და 3) ოპერატიულ-სამძებრო, ან ფარული საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე მოპოვებული ინფორმაცია, აგრეთვე „112“-ში შესული შეტყობინება ან უშუალოდ პოლიციელისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომ პირმა მოიხმარა, ან იმყოფება ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ.  

„სწორედ მესამე - ოპერატიული ინფორმაცია - კვლავაც აძლევს სამართალდამცავებს თვითნებობისა და პირის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის შესაძლებლობას. ოპერატიული ინფორმაცია და მის საფუძველზე სხვადასხვა საპოლიციო თუ უფლების შემზღუდავი პროცესუალური ღონისძიების განხორციელება სამართალდამცავი სისტემის და მთლიანად მართლმსაჯულების ზოგადი პრობლემაა. ოპერატიულ ინფორმაციაზე ფაქტობრივად არ ხორციელდება საპროკურორო და სასამართლო კონტროლი, ინფორმაციის მიმწოდებლის დაკითხვა არ ხდება სამართალწარმოების არც ერთ ეტპზე. სასამართლოს ეფექტურად იმის შემოწმებაც კი არ შეუძლია, საერთოდ არსებობდა თუ არა ასეთი ოპერატიული ინფორმაცია“, - წერს EMC.

როგორც EMC აცხადებს, მათ მიერ გამოკითხული 16 რესპონდენტიდან 11-მა განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა მათ განუმარტეს ექსპერტიზაზე გადაყვანის საფუძვლები, საიდანაც 9 მათგანი სწორედ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე იყო გადაყვანილი. მათი თქმით,  ოფიციალურად არ ხდება იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმების საფუძვლების თაობაზე სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ყველაზე ხშირად სამართალდამცავები სწორედ ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ახორციელებენ მოქალაქეთა იძულებით ნარკოტესტირებას.

  • დაკავება

როგორც EMC აცხადებს, კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს შემოწმებაზე გადაყვანილ პირთა ადმინისტრაციული დაკავება.

EMC-ის განმარტებით, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს საკითხი ნორმატიულად საკმარისად ნათლად არ არის მოწესრიგებული. კერძოდ, კანონის დონეზე არაა დარეგულირებული, რა ეტაპზე წარმოეშობა სამართალდამცავს იძულებით ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადასაყვანი პირის დაკავების უფლებამოსილება და რა კონკრეტული ქმედება შეიძლება იყოს დაკავების საფუძველი, აგრეთვე ბუნდოვანია, როდიდან აღარ არსებობს დაკავების საფუძვლები.

„საკითხი ნაწილობრივ არის მოწესრიგებული შს მინისტრის ზემოაღნიშნული ბრძანებით, რომლის მიხედვითაც, თუკი პირი უარს აცხადებს იძულებით საექსპერტო დაწესებულებაში ნებაყოფლობით გადაყვანაზე, სამართალდამცავი უფლებამოსილია, გამოიყენოს დაკავება და იძულებით წარადგინოს პირი გამოსაკვლევად. არც ბრძანებით და არც სხვა ნორმატიული აქტით არაა დარეგულირებული ისეთი შემთხვევები, როცა პიროვნება გადაყვანაზე თანახმაა, თუმცა უკვე დაწესებულებაში მისვლის შემდეგ აცხადებს უარს ლაბორატორიულ და კლინიკურ ექსპერტიზაში მონაწილეობაზე. კერძოდ, შესაძლებელია თუ არა ასეთ დროს მისი დაკავება, ან დაყოვნება საექსპერტო დაწესებულებაში. ამავდროულად, ბუნდოვანია, რა იგულისხმება  ნებაყოფლობით გადაყვანაში და როგორ უნდა წარიმართოს აღნიშნული პროცედურა. კერძოდ, შეუძლია თუ არა პირს, თავისით (მაგალითად, საკუთარი სატრანსპორტო საშუალებით) გამოცხადდეს დაწესებულებაში, მოაგვაროს გადაუდებელი პრობლემები (მაგალითად, თუკი იგი იმყოფება ბავშვთან ერთად, ჯერ მიიყვანოს ბავშვი დანიშნულების ადგილას) და შემდეგ წავიდეს ექსპერტიზაზე“, - ნათქვამია EMC-ის მასალაში.

EMC აღნიშნავს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ბუნდოვანებები პრაქტიკაში ადამიანის უფლებების საწინააღმდეგოდ  გამოიყენება, რა დროსაც საექსპერტო დაწესებულებაში გადაყვანილი პირის მიმართ, უმრავლეს შემთხვევაში გამოიყენება დაკავება, მიუხედავად იმისა, პირი თანახმაა თუ არა შესაბამის დაწესებულებაში ნებაყოფლობით გამოცხადებაზე.

„კანონმდებლობის ანალიზი ცხადყოფს, რომ დაკავება ექსპერტიზაზე გადაყვანის აუცილებელი კომპონენტი არ არის და მისი გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუკი პირი უარს აცხადებს ნებაყოფლობით გადაყვანაზე. ჩვენს მიერ გამოკითხულ პირთაგან ყველა მათგანი აცხადებს, რომ იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმებისას მოხდა მათი დაკავება, თუმცა მხოლოდ 8 შემთხვევაში შედგა დაკავების ოქმი. ამავდროულად, პრობლემურია ისიც, რომ არც ერთი დაკავებული არ იყო გადაყვანილი დროებითი მოთავსების იზოლატორში და მათი დაყოვნება ძირითადად ხდებოდა ნარკოლოგიური ექსპერტიზის დაწესებულებაში, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში სამსახურებრივ მანქანაში, ან პოლიციის შენობაში“, - წერს EMC.

  • უფლებების შეზღუდვა და ღირსების შემლახავი მოპყრობა

EMC ყურადღებას ამახვილებს დროებითი მოთავსების იზოლატორში ღირსების შემლახავი მოპყრობასთან დაკავშირებით. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ეს დაწესებულებები არ არის გათვლილი პირის ხანგრძლივი დაყოვნებისთვის, არაა აღჭურვილი შესაბამისი ინფრასტრუქტურით, არ ხდება პირთა სამედიცინო შემოწმება და ფიზიკური დათვალიერება შესაძლო დაზიანებების თაობაზე. ამავდროულად, დაწესებულებებში არაა დამონტაჟებული შიდა სათვალთვალო მოწყობილობები, რომლებიც დააფიქსირებდა დაკავებულის მიმართ შესაძლო ზეწოლის ფაქტებს.

მათი თქმით, მთლიანობაში კი სამართალდამცავები უხეშად არღვევენ კანონს, როდესაც დაკავებული პირების მოსაცდელად გამოიყენებენ აღნიშნულ დაწესებულებებს, რადგან ნარკოლოგიური საექსპერტო ბიურო არ შეიძლება ჩაითვალოს პოლიციის, ან სხვა სამართალდამცავ ორგანოდ.

ორგანიზაციის თქმით, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს იძულებით ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაყვანილ პირთა დაყოვნების პერიოდი.

„ჩვენს მიერ გამოკითხული 16 პირიდან 12-მა მიუთითა, რომ კლინიკურ და ლაბორატორიულ ექსპერტიზაში მონაწილეობაზე უარის განცხადების შემდეგ არ მომხდარა მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება. ცხადია, ნარკოლოგიურ დაწესებულებაში გადაყვანილ პირთა დაყოვნების პერიოდები განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა საგულისხმოა, რომ 12 ასეთი პირიდან სამი მათგანი 11 საათის მანძილზე იყო დაკავებული ექსპერტიზის ბიუროში, ხოლო ერთს მთლიანი 12 საათიანი პერიოდის გატარება მოუწია დაწესებულებაში“, - აცხადებს EMC.

EMC-ის რეკომენდაციით,  მნიშვნელოვანია მთლიანად ახლებურად ჩამოყალიბდეს იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმების მარეგულირებელი კანონმდებლობა, რომლის ფარგლებშიც ნათლად განისაზღვრება:

  • იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმების საფუძვლები, რომელიც დაკავშირებული იქნება ნარკოტიკული საშუალების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოხმარებასთან, ან თრობის ქვეშ მყოფის მიერ სხვა მომეტებული რისკის მქონე ქმედების განხორციელებასთან;
  • ნარკოლოგიურ შემოწმებაზე ნებაყოფლობით წარდგენის პროცედურები, რომლებიც პირს მისცემს შესაძლებლობას, საკუთარი პატივისა და ღირსების შელახვის გარეშე, მისივე ინფორმირებული გადაწყვეტილებით მიიღოს ექსპერტიზაში მონაწილეობა;
  • პირის ნარკოლოგიურ დაწესებულებაში იძულებით მიყვანის პროცედურები, აგრეთვე მის მიერ ექსპერტიზაში მონაწილეობაზე უარის თანმდევი სამართლებრივი შედეგები;
  • პირის იძულებით წარდგენის მიზნით დაკავების გამოყენების კანონისმიერი საფუძვლები, დაკავების საფუძვლების წარმოშობის და გაქარწყლების ეტაპები, რა დროსაც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი სამართალდამცავთა თვითნებობის რისკები;
  • იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმების სასამართლო წესით გასაჩივრების მოქნილი და ნათელი პროცედურები, რომელიც მოქალაქეებს საკუთარი უფლებების ეფექტურად დაცვის შესაძლებლობას მისცემს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^