”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია გივი თარგამაძის საქმესთან დაკავშირებით ამ წუთებში მიმდინარე სპეცოპერაციას ეხმაურება:
„იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც ახლა გვაქვს, დასკვნის გამოტანა შეუძლებელია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ პროსამთავრობო ტელევიზიის ეგზოტიკური ჟურნალისტი დაჟინებით მოითხოვდა რესპონდენტებისგან ეთქვათ, თითქოს ეჭვმიტანილი უკრაინიდანაა, ან რაიმე კავშირი აქვს, თუმცა ამას არავინ ამბობდა.
ჩვენ კარგად გვახსოვს პრემიერის მიერ ჯერ კიდევ გამოძიების დაწყებამდე გაკეთებული აქცენტებიც. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ძალიან უტიფარ წინასაარჩევნო პიართან გვაქვს საქმე. ეს ადასტურებს, თუ როგორი უპასუხისმგებლო ხელისუფლება გვყავს, რომელსაც, საბედნიეროდ, ძალიან მალე დავასრულებთ”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
გლდანის ერთ-ერთ მიკრორაიონში სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, სამართალდამცველები სავარაუდოდ, ერთ-ერთ პირს აკავებენ, რომელიც დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაში ფიგურირებდა.
"იმედის" ცნობით, ეს პირი სავარაუდოდ, დათო ხეჩუაშვილია, რომელიც სუს-ის ყოფილი თანამშრომელი იყო.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით კი, ამავე საქმეზე სპეცოპერაცია კრწანისის რაიონშიც ტარდება.