
პროპორციული სისტემით არჩევნების PVT შედეგები
„სამართლიანი არჩევნების“ PVT შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მერყეობს 48.2%-სა და 50.0%-ს შორის.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მერყეობს 25.9%-სა და 27.7%-ს შორის.
„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი კი მერყეობს 4.6%-სა და 5.2%-ს შორის. შესაბამისად, „სამართლიან არჩევნებს“ არ შეუძლია დარწმუნებით თქვას, გადალახა თუ არა აღნიშნულმა საარჩევნო სუბიექტმა 5%-იანი ბარიერი.
ხმების პარალელური დათვლის შედეგები იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებმაც ხმები 1%-ზე მეტი დააგროვეს მოცემულია ცხრილში. PVT შედეგები მოცემულია 95% სანდოობით.
აღსანიშნავია, რომ პროპორციული სისტემის არჩევნებისთვის საერთო ჯამში 3702 საარჩევნო უბანია. საშუალოდ, თითოეულ საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 950 ამომრჩეველი. შესაბამისად, ცალკეული საარჩევნო უბნების შედეგები ვერ მოახდენს ზეგავლენას არჩევნების პროპორციული სისტემით ერთიან შედეგებზე. თუმცა, ცალკეული საარჩევნო უბნების შედეგებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს მაჟორიტარული სისტემით არჩევნების შედეგებზე.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე აკვირდებოდა. ყველა საარჩევნო ოლქში „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია 1000-მდე აკრედიტირებული და დატრენინგებული დამკვირვებლისგან შედგება, მათ შორის იყო850-მდე მოკლევადიანი დამკვირვებელი, 73 ოლქის დამკვირვებელი და 70 მობილური ჯგუფი. დამკვირვებლები გადანაწილებული იყვნენ როგორც საუბნო, ისე საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში.ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდი იყენებს სტატისტიკის მეთოდოლოგიას და ინფორმაციულ ტექნოლოგიებს (ICT). ISFED-მა მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 600 დამკვირვებელი მიავლინა. დამატებით, 250-მდე დამკვირვებელი არჩევნებს დააკვირდა სავარაუდოდ პრობლემატურ საარჩევნო უბნებში.
ორგანიზაცია საპარლამენტო არჩევნებს ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით დააკვირდა, რაც გვაძლევს საშუალებას შევაფასოთ არჩევნების დღის მთლიანი პროცესი და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე.PVT მეთოდოლოგია გვაწვდის ზუსტ და დროულ ინფორმაციას ხმის მიცემის და დათვლის მიმდინარეობის შესახებ. PVT ერთადერთი მეთოდოლოგიაა, რომელიც დამოუკიდებლად ამოწმებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული ოფიციალური მონაცემების სიზუსტეს. ეს მეათე არჩევნებია, რომელშიც „სამართლიანი არჩევნები“ იყენებს PVT მეთოდოლოგიას საარჩევნო დღის პროცესის შეფასების და ოფიციალური შედეგების გადამოწმებისათვის.