ამ მომენტისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" 5% უწერია, თუმცა თუ დათვლილი ხმების საერთო რაოდენობას დავაჯამებთ და „ალიანსის" მიერ მიღებული ხმების პროცენტს გამოვიყვანთ, ვნახავთ, რომ ირმა ინაშვილის პარტიის მონაცემი ზუსტად 4,9933776712659%-ია, რაც ბარიერის გადასალახად საკმარისი არ არის.
თუ ყველა პარტიიის მიერ მიღებულ მონაცემს დაითვლით, მიიღებთ 1 762 975 ხმას, აქედან „პატრიოტთა ალიანსს" 88 032 ხმა აქვს მიღებული, რაც მეასედებამდე დამრგვალების შემთხვევაში 4,99%-ია.
5%-ს მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებთ, თუ ამ მონაცემს ერთეულებამდე დავამრგვალებთ, რაც არ შეიძლება, თანაც ყველა სხვა პარტიის მონაცემი მეასედებამდეა დამრგვალებული.
ცესკოს პრესსამსახურში ამბობენ, რომ მიმდინარეობს ხმების შეყვანის, ასევე მათი გადამოწმების პროცესი, და შესაბამისად, „შესაძლოა, ახლა რაღაც არასწორად ჩანდეს, მაგრამ მონაცემები გასწორდება."
ცესკო ამ პრობლემას იმ დროიდან არკვევს, რაც ონლაინგამომცემლობა on.ge-მ პირველად მიაქცია ყურადღება განსხვავებას, დიაგრამაზე ნაჩვენებ და რეალურ მონაცემს შორის.
კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის თქმით, პარტიას ბარიერი არა მხოლოდ 5%-ს + 1 ხმის არამედ, ზუსტად 5%-ის შემთხვევაშიც გადალახული აქვს, მაგრამ არა იმ შემთხვევაში, თუ 5%-ს თუნდაც ერთი ხმა აკლია.