ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების დათვლა დაასრულა. ხმათა 100% ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება" 48,65%, „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა" 27,12%, „პატრიოტთა ალიანსი" 5%.
ამ შედეგების მიხედვით პროპორციული სიით პარლამენტში მანდატები ასე ნაწილდება:
►„ქართული ოცნება" - 44 მანდატი;
►„ნაციონალური მოძრაობა" - 27 მანდატი;
►„პატრიოტთა ალიანსი" - 6 მანდატი.
გთავაზობთ „ქართული ოცნების“ 44-კაციან სიიდან ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომელთა შესახებ საზოგადოებისთვის ცოტა რამ არის ცნობილი. ზოგიერთი მათგანი სრულიად ახალი სახეა ქართული საპარლამენტო ცხოვრებისთვის. სიაში იხილავთ ბიზნესმენებს, უმსხვილესი ნავთობკომპანიის ვიცე-პრეზიდენტს, ყოფილ ჟურნალისტებს და პირებს, რომელებიც სხვადასხვა მსხვილი კომპანიების მმართველ პოზიციებზე მუშაობენ.
თუმცა არიან ადამიანები, რომელთა შესახებაც ამ დრომდე ინფორმაცია ვერ მოვიძიეთ. როგორც კი „ლიბერალი“ „ქართული ოცნებიდან“ მათ შესახებ ინფორმაციას მიიღებს, აღნიშნული სია განახლდება.
სიის მე-6 ნომერი - აკაკი ზოიძე. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სამკურნალო ფაკულტეტზე; გაიარა ჯანდაცვის პოლიტიკის პროფესიული პროგრამა ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლაში. იკავებდა თანამდებობებს სახელმწიფო სტრუქტურებში. 1991-2001 წლამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე იყო. მუშაობდა გაეროს ბავშვთა ფონდში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში და ა.შ.
სიის მე-7 ნომერი - თამარ ხულორდავა. დაიბადა 1979 წელს. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. არის ამავე უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. 2015 წლიდან იყო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე.
სიის მე-8 ნომერი - რომან კაკულია. დაიბადა 1961 წელს. სწავლობდა პოლიტექნიკური უნივერსიტეტში, მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიების ფაკულტეტზე, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების დაგეგმვისა და ორგანიზების ფაკულტეტზე. 1991 წლიდან მუშაობდა სახელმწიფო სტრუქტურებში სხვადასხვა თანამდებობაზე . 1995-1997 წწ. მუშაობდა სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროში; იკავებდა საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას. 2006 წლიდან დღემდე მუშაობს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში; არის ევროკავშირის პროგრამების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი.
სიის მე-9 ნომერი - სოფო ქაცარავა. დაიბადა 1976 წელს. სწავლობდა ილია ჭავჭავაძის სახელობის დასავლური ენებისა და კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში, ინგლისური ენის ფაკულტეტზე. 2011 - 2016 წლის ივლისამდე იყო ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური მდივანი. მუშაობდა ბრიტანეთის საელჩოში სხვადასხვა თანამდებობაზე.
სიის მე-11 ნომერი - კახაბერ კუჭავა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კუსრდამთავრებული. სწავლობდა ნოტინგემის სამართლის სკოლაში. 2015 წლიდან იყო სააქციო საზოგადოება „Georgian Copper and Gold”-ის გენერალური დირექტორი („Georgian Copper and Gold” ბრიტანეთში დარეგისტრირებული Noricum Gold LTD”-ის პარტნიორი კომპანიაა. ეს კომპანია კი RMG-ის პარტნიორია, რომელიც კაზრეთში ოქროსა და სპილენძს მოიპოვებს). კუჭავა 2012-2016 წლებში „კავკასიის მინერალების” გენერალური დირექტორიც იყო. 2015 წლის ოქტომბერში, ჟურნალ Forbes Georgia-ში მასზე დაიბეჭდა სტატია - „რაჭული მეტალის აღზევება”. (ონის ოქროს მოპოვება 2012 წლის 14 მარტს გაცემული ლიცენზიის ფარგლებში მიმდინარეობს).
სიის მე-19 ნომერი - რუსლან პოღოსიანი. ის წინა მოწვევის პარლამენტის წევრი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ასევე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი იყო.
რუსლან პოღოსიანი დაიბადა 1982 წლის 12 ივლისს თბილისში. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. პროფესიით იურისტია. პარლამენტში მოხვედრამდე ის შპს „ალეკოს” იურისტი იყო (2004-2007).
მისი განცხადებები, ძირითადად, ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებს უკავშირდება. ის ასევე გამოეხმაურა ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს: “მოვუწოდებთ საქართველოს მოსახლეობას და განსაკუთრებით, ჩვენს სომეხ და აზერბაიჯანელ მოქალაქეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავი შეიკავონ ისეთი ხასიათის ქმედებებისა და მოწოდებებისგან, რომელმაც შეიძლება დააზარალოს საქართველოს ტერიტორიაზე ამ ორი ეთნიკური ჯგუფის მშვიდობიანი თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია“.
სიის მე-20 ნომერი - მახირ დარზიევი. მახირ დარზიევი წინა მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. ის პარლამენტში 2012 წლის არჩევნების შემდეგ ფრაქცია „ქართული ოცნების” სიით მოხვდა. მახირ დარზიევი დაიბადა 1957 წლის 4 აგვისტოს აზრებაიჯანში, ქალაქ ყაზაყიში. დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროფესიით პედაგოგია. ცხოვრობს მარნეულში, ჰყავს მეუღლე იქაიათ დარზიევა და ორი შვილი. პარლამენტის წევრობამდე ის მარნეულის ერთ-ერთ სკოლაში ისტორიას ასწავლიდა, შემდეგ კი მარნეულის საკრებულოს წევრი იყო. მახირ დარზიევი მედიის ყურადღების ცენტრში როგორც პარლამენტის წევრი, მხოლოდ ერთხელ მოხვდა, როდესაც მან ახალქალაქის დეპუტატს სამველ პეტროსიანს პლენარულ სხდომაზე უპასუხა. სამველ პეტროსიანი სომეხთა გენოციდის აღიარებისა და დაგმობის მოთხოვნით გამოვიდა. მახირ დარზიევმა კი მას უპასუხა, რომ საქართველოს პარლამენტი ის ადგილი არ იყო, სადაც სომეხთა გენოციდის საკითხებზე საუბრობენ, რადგან ის ქვეყნის სახელმწიფოებრივ და ეროვნულ ინტერესებში არ შედის. „ან გამოჩნდი ისეთი, როგორიც ხარ, ან იყავი ისეთი, როგორიც ჩანხარ” - 2012 წელს მახირ დარზიევის საარჩვნო პლაკატზე ეს წარწერა იყო.
სიის 23-ე ნომერი - სამველ მანუკიანი. მის შესახებ ინფორმაცია თითქმის არ იძებნება. სამველ მანუკიანი დაიბადა 1976 წლის 11 ივნისს. ის სხვადასხვა დროს შპს. გეოფუდის ერთ-ერთი მეწილე იყო. მისი სახელი გამოჩნდა „ქართული ოცნების” შემომწირველების სიაშიც. მან პარტიას 45 000 ლარი შესწირა.
სიის 24-ე ნომერი - ვიქტორ ჯაფარიძე. იყო წინა მოწვევის პარლამენტის წევრი, როგორც სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“.
ვიქტორ ჯაფარიძე დაიბადა 1966 წლის 29 ოქტომბერს მესტიაში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესიით ეკონომისტია. ჰყავს მეუღლე ნათია ხვისტანი და სამი შვილი. დეპუტატობამდე ის საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარის მოადგილე; 2010-2012 წლებში კი მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი იყო. წინა მოწვევის პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ის იყო მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი, ხუდონ ჰესთან დაკავშირებით მას არც პარლამენტიდან უსაუბრია და საზოგადოებას მისი კონკრეტული კომენტარებიც არ ახსოვს. ხაიშელების პროტესტის საპასუხოდ ის ამბობდა, რომ ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არასოდეს წავიდოდა. ვიქტორ ჯაფარიძე მედიის ყურადღების ცენტრში მარიხუანის დეკრიმინაზიცაზიის საკითხის განხილვისას გაკეთებული კომენტარით მოხვდა.
ვიქტორ ჯაფარიძის სახელი გამოჩნდა ასევე “ქართული ოცნების” შემომწირველების სიაშიც. მან პარტიას შემოწირულობის სახით 35 000 ლარი გადაურიცხა.
სიის N 26 - ისკო დასენი - პროკურორი, ბიზნესმენი, კონსული.
„ოცნების” სიის 26-ე ნომრად გასული დეპუტატი ისკო დასენი 1958 წელს დაიბადა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ 2012 წლამდე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა:
1986 წლის იანვარში დაინიშნა ქ.თბილისის კიროვის რაიონის პროკურატურის გამომძიებლად, შემდეგ მუშაობდა ამავე რაიონის პროკურატურის პროკურორის თანაშემწედ.1993 წლის 11 ივნისს სამუშაოდ გადაიყვანეს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, სადაც მუშაობდა საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროს გამომძიებლად, შემდეგ კი ამავე საგამოძიებო ნაწილის პროკურორად.
წელს, 5 ოქტომბერს ისკო დასენს თბილისის მერიამ მუნიციპალიტეტის კუთვნილებაში არსებული თამარ მეფის გამზირის N13-ის მიმდებარედ არსებული 120 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 5-წლიანი იჯარით გადასცა. წელსვე დასენმა თბილისში აგლაძის ქუჩა N25-ში მდებარე შენობის მე-4 სართულზე - 324.80 კვ მ. ფართი დაირეგისტრირა; ერთი წლის წინ კი - 3428 კვ.მ. ბელიაშვილის ქუჩაზე.
ისკო დასენი 2013 წლიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „მისო ლიდერკრედიტის” დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, შემდეგ კი თავმჯდომარე იყო. 2015 წლის მაისის მონაცემებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „მისო ლიდერკრედიტის” 100 %-იანი წილის მფლობელია. წელს, 12 აგვისტოს შ.პ.ს. „მისო ლიდერკრედიტმა” “ქართულ ოცნებას” ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემოწირულობა - 120 000 ლარი - გადაურიცხა.
2014 წლის 6 ოქტომბრიდან საქართველოში მოლდოვის რესპუბლიკის საპატიო კონსულია. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედს" ისკო დასენის შესახებ შეკითხვაზე უპასუხა:
„ეს ადამიანი გახლავთ ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი, იეზიდი მოქალაქე, ჩვენი თანამემამულე. ეს ადამიანი დასაქმებულია ბიზნესსექტორში, არის წარმატებული ბიზნესმენი და ბევრი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
პარტიას თანხა შესწირეს მისი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა და ახლობლებმაც - მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სულ დაახლოებით 167 000 ლარი.
2015 წლის დეკემბერში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ისკო დასენს წევრობა გაუუქმა.
სიის N27 - დიმიტრი სამხარაძე -
პროპორციული სიის N27 დეპუტატის შესახებ ინტერნეტსივრცეში ცოტა რამ იძებნება. მის შესახებ ხელმისაწვდომი ინფორმაციის უდიდესი ნაწილი 2012 წლის 2 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს მის დაკავებას ეხება. სამხარაძე “ოცნების” სხვა 5 აქტივისტთან ერთად ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე – წვრილმანი ხულიგნობის - მუხლის ბრალდებით დააკავეს, თუმცა მეორე დღესვე გაათავისუფლეს.
სიის 28-ე ნომერი - ვანო ზარდიაშვილი. ის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იყო. ვანო ზარდიაშვილი დაიბადა 1982 წლის 12 სექტემბერს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურა. ჰყავს მეუღლე თინათინ აბრალავა და ორი შვილი.
ის სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და თბილისის მერიაში. 2004-2006 წლებში მუშაობდა გენერალური პროკურორის თანაშემწედ და მრჩევლად. 2004 წელს იყო სახელმწიფო უშიშროების მინისტრის თანაშემწე. ვანო ზარდიაშვილი მედიის ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც “რუსთავის 2-ის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ერთ-ერთ სპეციალურ ბრიფინგზე არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ ვანო ზარდიაშვილი ერთ-ერთი პირია, რომელიც ზეწოლას ახდენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის შუამავალია ხელისუფლებასთან.
სიის N 29 - შოთა (შაბთაი) შალელაშვილი (შალონ)
2014 წლის გაზაფხულზე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ებრაელი ბიზნესმენები შოთა შალელაშვილი და გია მიქელაძე “ქართუ ბანკის” წილის შესყიდვას აპირებდნენ.
შოთა შალელაშვილი 1959 წელს დაბადებული ებრაელი ბიზნესმენია. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, მან ამ წლის 28 სექტემბერს ტარას შევჩენკოს ქუჩაზე 259 კვ.მ ფართი, ხოლო ამავე წლის ივლისში კი სამტრედიის დაბა კულაში 599 კვ.მ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა, რომელზეც ორი შენობა ნაგებობა ირიცხება - 434 კვ.მ და 42.8. კვ.მ ფართის.
შალელაშვილი 2012 წლიდან 2010 წელს დარეგისტრირებული შპს ისნის სავაჭრო ცენტრის პარტნიორიცაა. შალელაშვილის გვარი “ოცნების” ოფიციალურ შემწირველთა შორის არ იძებნება, თუმცა მისი 51%-იანი წილის მფლობელმა გრიგოლ მიქელაძემ 1 აგვისტოს “ქართულ ოცნებას” 55 000 ლარი შესწირა. მიქელაძეს საქმიანი ინტერესები აქვს 13-მდე კომპანიაში, მათ შორის 100%-იანი მესაკუთრეა შპს “ნოვოროსიისკი მეტალში”.
სიის 33-ე ნომერი - რევაზ არველაძე. ის ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი და ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორია. 2013 წელს კახი კალაძის მინისტრობის პერიოდში ენერგეტიკის სამინისტროსა და ენერგეტიკის აკადემიას შორის ენერგოსექტორის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის შედეგად აკადემიამ სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის განვითარებისა და პროგნოზირების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრის ვალდებულება აიღო. პირადად რევაზ არველაძეს არაერთი განცხადება აქვს გაკეთებული დიდი ჰესების მშენებლობის აუცილებლობაზე, მას მიაჩნია, რომ დიდი ჰესების მშენებლობა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ამაღლების ერთადერთი საშუალებაა.
სიის 34-ე ნომერი - დიმიტრი ცქიტიშვილი . ის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელი და პარტიის წევრია. მისი განცხადებები, ძირითადად, ვიზალიბერალიზაციასთან და საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგს ეხებოდა. ის ასევე საქართველოს პროგრესული ფორუმის დამფუძნებელია. ფორუმი წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც დაარსდა 2014 წლის 21 იანვარს. ფორუმის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ფორუმი შედგება ადამიანთა იმ ჯგუფისაგან, რომლებიც იზიარებენ პროგრესულ იდეებს და წლების განმავლობაში აქტიურად მოღვაწეობდნენ საზოგადოებრივ ასპარეზზე. დამფუძნებლებს შორის არიან ახალგაზრდა სოციალისტები. „საქართველოს პროგრესული ფორუმში“ არის ორი თემატური სამუშაო ჯგუფი, რომელიც 2 საკითხზე მუშაობს: განათლების ხელმისაწვდომობა საქართველოში; და ღირსეული შრომისა და დასაქმების საკითხების განვითარება სოციალური დიალოგის ფორმატში.
სიის 36-ე ნომერი - თეიმურაზ კოხრეიძე. ის 2012 წლიდან დღემდე „პეტროკასენერჯიგრუპ“, ვიცე-პრეზიდენტია. „პეტროკას ენერჯი ლიმიტედი“ საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანიაა, რომელიც ახორციელებს საწვავის ექსპორტს ევროპიდან და მას საქართველოში მოქმედ ბენზინგასამართი სადგურების სხვა ქსელებს აწვდის. ეს ის კომპანიაა, რომლის წილის შესყიდვის შესახებ რუსულმა კომპანია „როსნეფტმა“ 2014 წლის 29 დეკემბერს განაცხადა. “როსნეფტსა” და “პეტროკას ენერჯი ლიმიტედს” შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას საქართველოში მაშინვე მოჰყვა საპარლამენტო უმცირესობისა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი. “ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია, რომ რაიმენაირად შევაფერხოთ ან ჩავშალოთ ეს ტრანზაქცია, რადგან ამის განხორციელება ოფშორულ ზონაში მოხდა”, - ეს განცხადება კი ჟურნალისტებთან ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ გააკეთა.
თეიმურაზ კოხრეიძე სწორედ „პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ ვიცე-პრეზიდენტია, თუმცა არა საქართველოში რეგისტრირებულის, რადგან საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი, დირექტორი კი არჩილ ხელაშვილია.
„პეტროკას ენერგი ჯგუფი“ დიდი კომპანიაა. ხელაშვილი ქართული “პეტროკა ენერჯი ჯგუფის“ ხელმძღვანელია. მე ვარ იმ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც უცხოეთშია და საქართველოში რეგისტრირებული ჰყავს ქართული პეტროკა ენერჯი ჯგუფი“, - განუცხადა „ლიბერალს“ კოხრეიძემ.
თეიმურაზ კოხრეიძე 1986 წლიდან 90 წლის ჩათვლით სხვადასხვა საავადმყოფოებში (ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფო და ა.შ.) ექიმად მუშაობდა; 1990 წლიდან 1993 წლის ჩათვლით ჯანდაცვის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობს იკავებდა; 1993 დან 1995 წლებში - მინისტრთა კაბინეტში. 1995 წლიდან 2004 წლის ჩათვლით საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. 2004 წლიდან 2006 წლის ჩათვლით ნავთობის ეროვნული კომპანია „საქნავთობში“ აპარატის უფროსი იყო. 2009 წლიდან 2011 წლის ჩათვლით შპს „ფიუჩერპროდაქტსკომპანის“ დირექტორის თანამდებობა ეკავა.
სიის 38-ე ნომერი - სვეტლანა კუდბა. ის „ქართული ოცნების“ სიით აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია. საგულისხმოა, რომ 2015 წლის თებერვალში სვეტლანა კუდბას ხმა გადამწყვეტი იყო ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ალექსანდრე ჩიტიშვილისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დავით ბაციკაძის თანამდებობებიდან გადაყენების დროს. სესიის დამთავრებისთანავე უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ დეპუტატები სვეტლანა კუდბასა და ჯემალ ფუტკარაძეს პარტიიდან გარიცხვის საკითხის დაყენებით დაემუქრნენ. ამ გადაწყვეტილების შემდეგ აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ” უმრავლესობა დაკარგა. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, სვეტლანა კუდბას და ჯემალ ფუტკარაძის ნაბიჯს მოღალტეობრივი უწოდა. თუმცა მალევე გაირკვა, რომ კუდბა დარჩა „ქართულ ოცნებაში“ და დავით ბაციკაძისა და ალექსანდრე ჩიტიშვილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის მხარდაჭერისთვის შენდობა ითხოვა.
საგულისხმოა, რომ სვეტლანა კუდბა ასევე „წმ. ნინოსა და წმ. ფრანჩესკას სახელობის საქველმოქმედო ფონდის“ დამაარსებელია. ის წლების გამავლობაში აჭარის უმაღლესი საბჭოსგან ითხოვდა ფონდისთვის ფართის გადაცემას. მისმა დაარსებულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ უფასოდ ფართი 2015 წლის თებერვალში მიიღო.
სიის 41-ე ნომერი - ოთარ ჩრდილელი. ის იყო მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნებიდან“. დაამთავრა ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტი. კვალიფიკაცია - ინჟინერ-ქიმიკოს ტექნოლოგ-კოლორისტი, ხოლო სპეციალობა - საფეიქრო მასალების კოლორირება. რაც შეეხება მის სამუშაო გამოცდილებას, ის სხვადასხვა დროს ჟურნალისტად მუშაობდა სხვადასხვა მედიაში. მერვე მოწვევის პარლამენტში ჩრდილელის ინიცირებული იყო 16 კანონპროექტი. რაც შეეხება მის დეკლარაციას, მას სამტრედიაში, ჩიქოვანის 5-ში აქვს მიწის ნაკვეთი, ასევე საცხოვრებელი სახლი; მის შვილს, ანრი ჩრდილელს კი - ბინა თბილისში.
სიის 43-ე ნომერი - ენძელა მაჭავარიანი. ის სამების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა. ბოლო პერიოდში ტელეკომპანია GDS-ის ჟურნალისტი იყო. გთავაზობთ მის კომენტარებს საზოგადოებრივი მნიშვნელობის სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით:
პანორამა თბილისის შესახებ:
„დიდებული პროექტია, მადლობა უფალს, რომ ეს პროექტი ჩემს ქალაქში, ჩემს დროში ხორციელდება! მჯერა, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, სამების ტაძრის მსგავსად სხვა ხელთქმნილ სასწაულებსაც აჩუქებს ჩვენს ხალხს და ქვეყანას, რადგან გულწფელად ვფიქრობ, რომ მისთვის „ვნების სიმძაფრე შენებაშია და არააშენებულით ტკბობაში".
ასწლოვანი ხის გადატანის შესახებ
„... ამ დიდი ხეების გადატანა, გადარჩენა და დენდროლოგიური ბაღის გაშენება ისეთივე დიდი საქმეა, ისეთივე ქველმოქმედებაა, როგორც აშენებული ტაძრები, სკოლები, აღდგენილი ძეგლები და ყველა ის კეთილი საქმე, რაც ამ წერილში გაქვს ჩამოთვლილი...“.
სიის 44-ე ნომერი - გია ბენაშვილი. ის 2014-2015 წლებში “ყაზტრანსგაზ - თბილისის” სპეციალურ მმართველად მუშაობდა. 2016 წლიდან შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორია. მას და კახი კალაძეს შორის შესაძლო ბიზნესსკავშირებზე მედიაში არაერთი სტატია იძებნება. 2015 წელს, როცა ბუნებრივ აირზე ტარიფები გაიზარდა, ბენაშვილმა მთავრობის პოზიციის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა. მისი განცხადება სრულ თანხვედრაში იყო მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის დვალიშვილის განცხადებასთან. კერძოდ, ბენაშვილის მაშინდელი განცხადების თანახმად, ის ტარიფები, რომლებიც 2015 წელს მოქმედებდა, 2007-2008 წლებში იყო დადგენილი.