ხაშურის 43-ე ოლქში მეორე ტურია დანიშნული. 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების ყველაზე დიდი წილი - 31,96% „მრეწველების“ კანდიდატმა, სიმონ ნოზაძემ მიიღო.
ნოზაძე მეორე ტურში დაუპირისპირდება „ქართული ოცნების“ კანდიდატს ვალერი გელაშვილს, რომელმაც პირველ ტურში ხმების 20.11% მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ნოზაძე მაჟორიტარად ხაშურში კენჭს ჯერ კიდევ 2003 წელს იყრიდა, თუმცა ამჟამინდელ მაჟორიტარ დეპუტატ ვალერი გელაშვილთან მეორე ტურში დამარცხდა.
ვინ არის სიმონ ნოზაძე
სიმონ ნოზაძე სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილე, მანამდე კი სამთავრობო დაცვის სამსახურის (შემდგომში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური) უფროსის მოადგილე იყო.
1999 წლის მაისში პრეზიდენტის განკარგულებით გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიენიჭა.
2003 წლის მარტში საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ჩამოყალიბებაში აქტიური მონაწილეობისათვის დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
2013 წლის 2 მარტს დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის მოადგილედ, 2013 წლის 19 ივნისს ამავე სამსახურის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსად. 2015 წლის 9 მარტს დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის კონსულტანტად, ამავდროულად დაეკისრა სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის მოვალეობის შესრულება.
„2015 წლის 14 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით მომენიჭა სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორის სპეციალური წოდება“, - ამბობს ის.
ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ 2015 წელს, როდესაც პრეზიდენტმა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში სამ ვაკანტურ ადგილზე პარლამენტს ცხრა პირის კანდიდატურა წარუდგინა, ნოზაძე ერთ-ერთი იყო მათ შორის.
სიმონ ნოზაძე ასევე არის ორი კომპანიის – შპს „ატლანტი-უსაფრთხოების სამსახურის“ და შპს „ატლანტ ტ“-ის – დირექტორი და მეწილე (13%). ის შპს „ქართული წითელი ღვინოების“ მფლობელიცაა (50%).
როგორია მისი გეგმები და რას აპირებს პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, რას უკავშირებენ მის მხარდაჭერას ხაშურელებში - ამ საკითხებზე „ლიბერალი“ სიმონ ნოზაძეს ესაუბრა.
მაჟორიტარობის კანდიდატი ამბობს, რომ როდესაც ის მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე მუშაობდა, ხაშურის რაიონი არც ლხინში და არც გაჭირვებისას არ მიუტოვებია.
„500-ზე მეტი ხაშურელი მყავდა მიღებული. მქონდა მიცემული აუდიენცია, როდესაც გენერლის თანამდებობაზე ვიყავი. უამრავი ხაშურელი ახალგაზრდა დავასაქმე სამთავრობო სტრუქტურებში. შემდეგ ჩემი ფირმა შევქმენი, ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობას ვიცავდით. იქაც 1000-ზე მეტი ადამიანი დავასაქმე, მთელი ამ ხნის განმავლობაში მუდმივად ვპატრონობდი ქართულ ჭიდაობას ხაშურში, მაშინ როდესაც მას ძალიან უჭირდა. ეს იყო 90-იან წლებში. ალბათ, ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ მე ხალხის სიყვარულს ვგრძნობდი და ამ ყველაფერმა გადამაწყვეტინა, რომ კენჭი მეყარა. ხაშურში პროპორციული სიით სხვა პარტიამ მეტი ხმა მიიღო, მაგრამ როგორც მაჟორიტარს, მათ მე მომცეს ხმა“, - ამბობს ნოზაძე.
როგორც ის ამბობს, 2016 წლის არჩევნებში 4 პარტიისგან ჰქონდა შეთავაზება. მისი კანდიდატურა კოალიციაში 4 წლის წინაც განიხილებოდა მრეწველების მხრიდან. ამის გამო მან წელს სწორედ მრეწველების შემოთავაზება მიიღო.
ნოზაძე ამბობს, რომ იქნება აქტიური დეპუტატი და პარლამენტში აქტიური კანონშემოქმედებით დაკავდება.
„მონაწილეობას მივიღებ საგარეო და საშინაო პოლიტიკური კურსის განსაზღვრაში, ასევე სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაშიც. ამ ეტაპზე მე უკვე თხოვნით მომმართეს კერძო დაცვის ფირმებმა, რომ ისინი მათ შესახებ კანონის ცვლილების საჭიროებას ხედავენ. განათლების სისტემასთან დაკავშირებით რამდენიმე პროფესორს ველაპარაკე, მათ აქვთ მოსაზრებები, მე საფუძვლიანად გავეცნობი მათ მოსაზრებებს. მხედველობაში მაქვს, როგორც საშუალო, განსაკუთრებით უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული საკითხები. მე ოპოზიციური პარტიიდან შევდივარ და ჩემს ნიშას დავიკავებ“, - ამბობს ნოზაძე.
ნოზაძე იმასაც აღნიშნავს, რომ პარალელურად იზრუნებს მუნიციპალიტეტის კეთილდღეობაზე. მისი თქმით, ხაშურში ბევრი რამაა გასაკეთებელი და შესაცვლელი.
„დავეხმარები ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ სწორად დაიგეგმოს, რა არის გასაკეთებელი ხაშურში მისი პერსპექტიული განვითარებისთვის“, - ამბობს ნოზაძე.