
The Guardian-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია ბობ დილანს გადაეცა, მასთან დაკავშირებას ნობელის პრემიის კომიტეტი აღარ ცდილობს, რადგან ბობ დილანი შვედეთის აკადემიას დუმილით პასუხობს.
75 წლის ბობ დილანი პრემიით ხუთშაბათს დააჯილდოვეს, იმავე საღამოს ის კონცერტს ლას-ვეგასში მართავდა, თუმცა ნობელის პრიზი არც უხსენებია.
„ამ დროისთვის აღარაფერს ვაკეთებთ. მის უახლოეს თანამშრომელს დავურეკე, საფოსტო შეტყობინებებიც გავუგზავნე და ძალიან მეგობრული პასუხიც მივიღე. ეს ამ დროისთვის სრულიად საკმარისია“, - განუცხადა სახელმწიფო რადიო SR-ს შვედეთის აკადემიის მდივანმა, სარა დანიუსმა.
„საერთოდ არ ვღელავ. მგონია, რომ გამოჩნდება“, - დასძინა დანიუსმა
შვედეთის აკადემია გამარჯვებულებს ყოველი წლის ოქტომბერში ასახელებს, ხოლო დაჯილდოების ცერემონია ყოველ 10 დეკემბერს იმართება. ნობელის პრემიის გამარჯვებულებს სტოკჰოლმში მეფე კარლ XVI აჯილდოებს.