თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ორი დღის წინ თურქეთის ქალაქ რიზეში თავისი სახელობის უნივერსიტეტში სასწავლო წელი გახსნა. გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას სირიასა და ერაყში განვითარებულ მოვლენებსა და თურქეთის მეგობარ ქვეყნებზე ისაუბრა. ერდოღანმა გამოსვლისას ახსენა ე.წ. ეროვნული აღქმის (Misak-ı Millî) საზღვრები და ამ საზღვრებში შემავალ ტერიტორიებზე საუბრისას ახსენა ბათუმი. მას სიტყვით გამოსვლისას ბათუმთან მიმართებით რეფერენდუმის შესახებ არაფერი უთქვამს. ერდოღანის გამოსვლის ტექსტს „ალ ჯაზირას" თურქული გამოცემა ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სხვადასხვა ქართულ ონლაინგამოცემაში რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გამოსვლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ბათუმს თურქეთის ეროვნულ ინტერესებში შემავალი ადგილი უწოდა და ბათუმთან კონტექსტში სიტყვა რეფერენდუმი ახსენა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა ბათუმი და საქართველო ისტორიული წარსულის კონტექსტში ახსენა და როგორც მეგობარ ქვეყანაზე ისე ისაუბრა.
„ზოგიერთები გვეუბნებიან რატომ ინტერესდებით ერაყით, სირიით, საქართველოთი, ყირიმით, ყარაბაღით, აზერბაიჯანით, ბალკანეთით და ჩრდილო აფრიკით?"
არც ერთი ადგილი,რომლის შესახებაც გვეკითხებიან იქ რას ეძებთო, ჩვენთვის უცხო არაა, რიზეს და ბათუმის ერთმანეთისგან განცალკევება შესაძლებელია? როგორ შეიძლება ედირნესა და სალონიკზე ცალ-ცალკე ვიფიქროთ? როგორ შეიძლება ვიფიქროთ,რომ გაზიანთეფსა და ალეპოს, მარდინსა და ჰასაკას,სიირთსა და მოსულს ერთმანეთთან კავშირი არ ჰქონდეთ? ჰათაიდან მაროკომდე სადაც არ უნდა წახვიდეთ, მთელ ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილო აფრიკის ქვეყნებში აუცილებლად ნახავთ რაიმეს ჩვენი დანატოვრიდან.” - თქვა ერდოღანმა.