
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე დავით რაქვიაშვილი დანიშნა.
რაქვიაშვილი პრეზიდენტმა მედიას დღეს პირადად წარუდგინა.
დავით რაქვიაშვილი 1968 წელს არის დაბადებული. ის მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში, 2010 წელს, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო.
პრეზიდენტმა მისი წარდგენისას ისაუბრა როგორც მის პროფესიულ გამოცდილებაზე, ისე პიროვნულ თვისებებზე:
„ბატონი დავითი არის ამ თანამდებობისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კადრი, მას აქვს სერიოზული გამოცდილება, იყო რეინტეგრაციის მინისტრის მოადგილე, მონაწილეობდა ჟენევის მოლაპარაკებებში. ინციდენტების პრევენციის მექანიზმში და აქედან გამომდინარე აქვს სერიოზული გამოცდილება როგორც ჩვენი შეერთებულ შტატებთან მუშაობის თვალსაზრისით, ასევე ჩვენი რუსულ მხარესთან ურთიერთობის.
გარდა ამისა, ის აშშ-ში იყო ელჩის მოადგილე, დესპანი, ამ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. მე და ბატონი დავითი ფაქტობრივად ერთად ვქმნიდით იმ ინსტიტუტს, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი: ის იყო საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის გამგეობის წევრი. სერიოზული გამოცდილება აქვს საგანმანათლებლო ინსტიტუტის განვითარების თვალსაზრისით. უფრო პიროვნულ კონტექსტში კი გეტყვით, რომ არის არის ჩემი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ალპინისტი. ვისაც მთაში უვლია, კარგად იცნობს ბატონ დავითს და ეს სერიოზული პიროვნული მაჩვენებელია, რაც საჭიროა იმისთვის, რომ უშიშროების საბჭოში იმუშაო და ემსახურო ქვეყნის გაძლიერებასა და თავდაცვისუნარიანობას. ბატონი დავითი ამ თვალსაზრისით მუშაობდა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარებისა და დაფუძნების პროცესშიც. ჩვენ გვაქვს ძალიან ახლო ურთიერთობის 30-წლიანი გამოცდილება, მას ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი." - განაცხადა პრეზიდენტმა.
უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც პრეზიდენტმა ირინა იმერლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა.