გუშინ „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისში გიგი სიჭინავას პერსონალური გამოფენა „გზიდან - ცამდე“ გაიმართა. გიგი 12 წლისაა და ხატვა სამი წლის ასაკიდან დაიწყო. ის აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონეა.
გიგის დედა ამბობს, რომ ის პატარაობიდანვე კარგად ხატავდა, ძერწავდა. მისი ნახატები ფანქარში, გუაშსა და ზეთშია შესრულებული. კარგად აქვს განვითარებული ფანტაზია და მის მიერ შესრულებული ქაღალდის მანქანები ძალიან ჰგავს ნამდვილს, თითოეული დეტალი სათითაოდ აქვს დამუშავებული.
„პატარაობიდანვე საინტერესო ადამიანი იყო, ძალიან მალე გამოიკვეთა, რომ ჰქონდა ხატვის ნიჭი. მუშაობა დაიწყო, ზეთზე, გუაშზე, ფანქრითაც ხატავს. ასევე ძერწავს და აპლიკაციებსაც ასრულებს. პირველი გამოფენაა დედაქალაქში. ორი წლის წინ ჰქონდა ზუგდიდში პერსონალური გამოფენა. აღსანიშნავია რომ თბილისში ეს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის პირველი პერსონალური გამოფენაა. ამ გამოფენით ხაზი ესმევა იმას, რომ ზოგადად შეზღუდული შესაძლებლობა არ არსებობს და ყველაფერი დაძლევადია და ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანების სოციალიზაცია. ამაში კი საზოგადოების მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს გამოფენა ეძღვნება გიგის მდგომარეობაში მყოფ ბავშვებს. „ - ამბობს გიგის დედა ნათია სახოკია.
„გიგი უნიჭიერესი მოსწავლეა, განსაკუთრებით ფერწერაში. ორ სამ ფერში ქმნის ტილოებს. ასევე უყვარს ალბომების თვალიერება, განსაკუთრებით იმპრესიონიზმით არის დაინტერესებული. მე მგონია, რომ ის მომავალში ძალიან ბევრს მიაღწევს.“ - ამბობს გიგის მასწავლებელი ნინო ჟვანია.