პარასკევს, 4 ნოემბერს, 5 საათზე ცინცაძის 24-ში „ბრიტიშ პეტროლიუმის" ოფისთან ზვარეში დასაქმებულების მხარდასაჭერად აქცია გაიმართება. ამავე ადგილზე, 3 საათზე ნავთობის პროფკავშირი მართავს აქციას, შემდგომ კი აქციის მონაწილეები ერთად მსვლელობით საქართველოს რგინიგზასთან გადაინაცვლებენ.
„დადგეს ადგილობრივი მენეჯმენტის პასუხისმგებლობის საკითხი და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიანიჭოს ინციდენტს შესაბამისი კვალიფიკაცია; ამ დრომდე, მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებს „საქართველოს რკინიგზა”, მიუხედავად იმისა, რომლის ქვეკონტრაქტორიც არის აღნიშნული კომპანია. რკინიგზაში აცხადებენ, რომ ზვარეში მომხდარი ინციდენტი „სხვა კომპანიის შიდა პროცესებია”, რომელზეც საქართველოს რკინიგზა ვერ გააკეთებს კომენტარს".
აქციის ორგანიზატორები ასევე იხსენებენ, დაახლოებით 1 თვის წინ ზვარეში მიმდინარე გაფიცვას: „რადგან აღნიშნული კომპანია არ ცნობდა ქართულ შრომით კანონმდებლობას და ეწეოდა დასაქმებულთა უხეშ ექსპლუატაციას, საბოლოოდ, შეთანხმება კომპანიასა და დასაქმებულებს შორის შედგა მხოლოდ მაშინ, როცა საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციას მოუწია პროცესში ჩართვა.
მოვითხოვთ, რკინიგზის ადმინისტრაცია სასწრაფოდ ჩაერთოს პროცესში და აიღოს შესაბამისი პასუხიმგებლობა მის ქვეკონტრაქტორ კომპანიაზე, რომელიც გასცდა შრომით ექსპლუატაციას და გადავიდა სისხლის სამართლის დანაშაულზე დასაქმებულებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ. საზოგადოებისთვის ცხადი უნდა გახდეს, თუ როგორ და რა გზით შემოვიდა საქართველოში მსგავსი დამსაქმებელთა ჯგუფი.
ასევე, უნდა ანაზღაურდეს იძულებითი მოცდენა „საქართველოს რკინიგზის” მიერ, იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად გამოძიების მიერ ობიექტზე სამუშაო პროცესი შეჩერებულია.
ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ზვარეს შემთხვევა არ არის პირველი და არ უნდა მიენიჭოს ამ თემას შოვინისტური ხასიათი. შრომითი უფლებები ყოველდღიურად ირღვევა, როგორც უცხოური ასევე ქართული კოპმანიების მხრიდან, რასაც ხშირად ფატალური შედეგიც მოსდევს.
დღეს სახელმწიფოსთვის უფრო პრიორიტეტულია ბიზნესის და ინვესტორთა ინტერესები, რაც წარმოდგენილია ქვეყნის განვითარების ერთადერთ საშუალებად. თავის ნებაზე მიშვებული კომპანიები და ინვესტორები, რომლებიც მშრომელთა ინტერესებს და უფლებებს მუდმივად უგულებელყოფენ, განვითარების ნაცვლად, შემაფერხებელ ფაქტორებად იქცევიან. ამგვარი პოლიტიკით, სახელმწიფო არა მხლოდ ექსპლუატაციის, არამედ მშრომელთა მიმართ ფიზიკური ძალადობის თანამონაწილეა!
მოვითხოვთ, დაუყონებლივ გადაიხედოს სახელმწიფოს მიერ შრომის პოლიტიკა და დაჩქარდეს ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა", - წერია აქციის ფეიჯზე.
აქციას უერთდება: თბილისის სოლიდარობის ქსელი; რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი; პროფესიულ რკინიგზელთა კლუბი; ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი - (EMC); European.ge; საქართველოს მედიის პროფკავშირი; თეთრი ხმაურის მოძრაობა; სახელოსნო Praxis; ირიბი მოქმედების კიბერთეატრი; მწვანე მუშტი; აუდიტორია #115; ახალგაზრდა მწვანეები.