„სამართლიანი არჩევნების“ ყოფილი ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია მუშაობას სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია „ლიბერალს“ სანდო წყარომ დაუდასტურა. თავად ნინო ლომჯარია ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს. ლაშა თორდია პირველი მოადგილეს 14:00 საათზე წარუდგენს საზოგადოებას.
განათლება: იურისტი, სამართლის მაგისტრი.
ბიოგრაფია:
ნინო ლომჯარიას მიღებული აქვს სენტ ლუისში ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხი (2011), ასევე, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში (2006).
2011 წლიდან დღემდე ნინო ლომჯარია იკავებს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას არასამთავრობო ორგანიზაციაში „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED). 2015 წლიდან არის ევროპული საერთაშორისო სადამკვირვებლო ქსელის, ENEMO-ს გენერალური მდივანი. ორგანიზაცია 17 ქვეყნის 22 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. გარდა ამისა, ნინო ლომჯარია ევროპული სადამკვირვებლო ორგანიზაცია - EPDE-ს გამგეობის წევრია 2014 წლიდან.
2004-2008 წლებში ნინო ლომჯარია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობდა იურისტის პოზიციაზე კარგი მმართველობის, ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლების, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ანტიკორუფციულ საკითხებზე. 2008-2010 წლებში იგი ამავე ორგანიზაციაში მუშაობდა საარჩევნო პროექტების მენეჯერად, რაც მოიცავდა ორგანიზაციის სადამკვირვებლო, ამომრჩეველთა განათლებისა და სამოქალაქო ჩართულობის პროექტების მართვას. 2010 წელს იგი ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორის კვლევის ასისტენტის პოზიციას იკავებდა.
ნინო ლომჯარია არის 15 კვლევის ავტორი არჩევნების მონიტორინგის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, მედიაგამჭვირვალობისა და ანტიკორუფციულ საკითხებზე.