
შსს-მ დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივი ოპერატიულ–სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ირმა ყ., 1993 წელს დაბადებული ბექა შ. და 1999 წელს დაბადებული ნინა ჩ. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, ხოლო 1994 წელს დაბადებული ავთანდილ ა. და 1993 წელს დაბადებული დათა კ. - ამავე მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ სამმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, რასაც წინ უძღოდა დედა-შვილს: ირმა ყ.-სა და ლუბა ყ.-ს შორის წარმოქმნილი უთანხმოება და დაპირისპირება, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ამავე მისამართზე მცხოვრები, ბრალდებულ ირმა ყ.-ს დედა - 1940 წელს დაბადებული ლუბა ყ. ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ - გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ბრალდებულებმა ლუბა ყ.-ს ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შ.-ს ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს.
იმავე საღამოს, დაბინდების შემდგომ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარავად, თხრილში დაწვეს.